ეკატერინე მიქაბაძე – მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება

12:31, 20.08.2026

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტის“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია უერთდება, როგორიც „ლოპოტაა“.

„2025 წელი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ რეკორდული აქტივობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მაღალი აქტივობა გაგრძელდა 2026 წელსაც: დღევანდელი მდგომარეობით, „ლოპოტის“ ემისიების ჩათვლით, შვიდმა ემიტენტმა ბაზარზე ცამეტი საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განათავსა, რომელთა ჯამური ღირებულება 570 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მსგავსი