ეკატერინე  მიქაბაძე - ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 89 პროცენტია
ეკატერინე  მიქაბაძე - ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 89 პროცენტია

2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე – ადგილობრივი ექსპორტი, 2019 წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია.

„რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების (68.2 პროცენტი), სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (29.2 პროცენტი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (13.2 პროცენტი), მედიკამენტების (17.2 პროცენტი) და მინერალური და მტკნარი წყლების (21.2 პროცენტი) ექსპორტი. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 13.0 პროცენტით გაიზარდა და 825.7 მლნ. აშშ. დოლარი, ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2 003.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით არის განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 736.6 მლნ. აშშ დოლარი  შეადგინა და წინა წელთან შედარებით 17.2 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში 31.3 პროცენტს შეადგენს და ასევე, ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში ძირითადი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, კერძოდ ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89 პროცენტია, დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა კი, ძირითადად რეექსპორტის ზრდას უკავშირდება,“ –  – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთში (47.9 პროცენტით, 134 მლნ აშშ დოლარით), რუმინეთში (207.7 პროცენტით, 120 მლნ აშშ დოლარით), უკრაინასა (39.8 პროცენტით, 70 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთში (13.9 პროცენტით, 60 მლნ აშშ დოლარით).

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით.

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის კომენტარი ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.