ეკატერინე მიქაბაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა 
ეკატერინე მიქაბაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა, რაც შიდა და საგარეო გამოწვევების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების ეფექტიანმა ქმედებებმა და დამსაქმებელთა პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

„დასაქმების სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სამუშაო ადგილების მატებასთან ერთად დამსაქმებლებმა გაზარდეს ანაზღაურებაც, რაც საშუალო თვიური ხელფასის მატებაზე აისახა. რაც შეეხება სექტორებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შექმნეს, ესენია ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და ტრანსპორტირება და დასაწყობება. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, მეტი დივერსიფიკაცია მოხდეს სექტორებისა, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ დასაქმების სტატისტიკის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნებაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.0%-ით, ხოლო მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 656.5 და 621.4 ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი და 1150.4 ლარს შეადგენს.
ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის (ზრდა 5.2%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 8.8%), ჯანდაცვის (ზრდა 4.7%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.0%)  სექტორები.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.