ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ, ჩილეში გადაინაცვლა, სადაც ერთეულებშიც და ირინა ბარასთან ერთად, წყვილთა თანრიგშიც თამაშობს.

სანტიაგოს ტურნირზე გორგოძემ ერთეულებში გამოსვლა მასპინძელ ჩოგბურთელთან, მაკარენა კანონისთან შეხვედრით დაიწყო. ბრძოლა არ შედგა, გათამაშების საწყის მატჩში ქართველმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6;0 6:0 დაამარცხა. აღსანიშნავია,რომ ჩილელი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო 500-იც არ შედის. გორგოძე მერვედფინალში კოლუმბიელ ჰერაზოს დაუპირისპირდება.

გორგოძე და ირინა ბარა სანტიაგოს წყვილთა ტურნირშიც მონაწილეობენ. ისინი პირველ წრეს გამოტოვებენ, რადგანაც შეჯიბრზე პირველ ნომრებად არიან განთესილები და ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა დუეტმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი-ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს. WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი ქართველი 154-ე პოზიციაზეა.