ეკატერინე ღაზაძე - ამომრჩევლის ნებისმიერი მოსყიდვის ფაქტი მოითხოვს საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც   შესაბამისმა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს
ეკატერინე ღაზაძე - ამომრჩევლის ნებისმიერი მოსყიდვის ფაქტი მოითხოვს საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შესაბამისმა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს

ამომრჩევლის ნებისმიერი მოსყიდვის ფაქტი მოითხოვს საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც შესაბამისმა, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შესაძლო მოსყიდვის ფაქტი სისხლის სამართლის კანონის კომპეტენცია იქნება.

„აქამდე, საქართველოს კანონში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ 100 ლარამდე შესაძლო მოსყიდვის ფაქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო 100 ლარს ზევით იწყებოდა სისხლის სამართლის კანონის კომპეტენცია. თუ რეალურად მოხდა რომელიმე ამომრჩევლის მოსყიდვა, ამას მნიშვნელეობა არ აქვს, რა თანხა იქნა გადახდილი ამ მოსყიდვაში, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემისთვის ზიანი არის მიყენებული, შედეგად ერთი ხმა იქნა მოსყიდული. აქედან გამომდინარე, ამ მუხლის ადგილი არის მთლაინად სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ამ თანხობრივ განაწილებას იმ ზიანისთვის, რაც შეიძლება მიადგეს ამ პროცესს და მიმაჩნია, მისი ადგილი არის მთლიანად სისხლის სამართლის კანონმდებლობაში“-, განაცხადა ღაზაძემ.

ამასთან, როგორც ღაზაძე აცხადებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი კონსულტაცია გაიმართა და კანონში შეტანილი ცვლილებები ამ კონსულტაციებისა და მსჯელობის ფონზე განხორციელდა.

„ჩვენ არაერთი კონსულტაციის პროცესის მონაწილე ვიყავით და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს თავის მოსაზრება და დააფიქსირეს, რომ ნამდვილად ეთანხმებიან ამ მიმართულებას, უფრო ლოგიკურიც არის და სამართლიანიც ამ მუხლის სისხლის სამართლის კოდექსში ყოფნა. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა გვაქვს. იცით, ჩვენი ანგარიშების გარკვეული ნაწილი, თუ არის აუდიტორული ეჭვი, ფაქტები იგზავნება პროკურატურაში. ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ზოგადად, აუდიტის სამსახური, ჩვენი დღევანდელი როლი საზოგადოებაში როგორიც არის, არის უმაღლესი მაკონტროლებელი, რომელიც მუშაობს ძირითადად პრევენციაზე. ნებისმიერი ასეთი მოსყიდვის ფაქტი მოითხოვს საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც უნდა შეასრულოს შესაბამისმა, კომპეტენტურმა ორგანომ და არა ვთქვათ მონიტორინგის სამსახურმაც, რომელიც რვაკაციანი შემადგნელობით მუშაობს“, – აღნიშნა ღაზაძემ.