ეკატერინე დგებუაძე - უღრმესი მადლობა საქართველოს პირველ არხს, რომ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს შევუქმენით ვირტუალური კლასი
ეკატერინე დგებუაძე - უღრმესი მადლობა საქართველოს პირველ არხს, რომ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს შევუქმენით ვირტუალური კლასი

უღრმესი მადლობა საქართველოს პირველ არხს, რომ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს შევუქმენით ვირტუალური კლასი, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნახევარი მილიონი მოსწავლისთვის და 55 ათასი მასწავლებლისთვის შევქმენით ფანჯარა და ყველას შევუქმენით ვირტუალური კლასი. „ტელესკოლა“ იყო მართლაც წარმატებული პროექტი. ფაქტობრივად, ორი კვირის განმავლობაში დავჯექით და მოვიძიეთ მასწავლებლები. უღრმესი მადლობა პირველ არხს, რადგან იმ პერიოდში, როცა კომენდანტის საათი იყო და მანქანა არ მოძრაობდა, მასწავლებლები ვიპოვეთ, მიმდინარეობდა ჩაწერები და პირველი გადაცემა 30 მარტს გავიდა. იმისთვის, რომ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლისთვის მიგვეკაკუნებინა და ინფორმაცია ყველასთვის ყოფილიყო, ცხრილი გავაკეთეთ და ცხრილის რეჟიმით წავედით“, – განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, ეთნიკური უმცირესობებისთვის საგაკვეთილო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვა ეფექტიანი ვერ იქნებოდა და ამიტომ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაკვეთილები ჩაიწერა.

„ასევე გადიოდა გარკვეული გაკვეთილები და მომზადდა ტიხრები საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ჟესტურ ენაზე მიმდინარეობდა გაკვეთილების თარგმნა და ვცდილობდით, ეს ინფორმაცია ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. შაბათობით გქონდათ ძალიან საინტერესო გადაცემა „მშობლის სკოლა“. ასევე, გარკვეული გადაცემები მომზადდა სასკოლო მზაობის კლასებისთვის და ბაღის ასაკის ბავშვებისთვისაც“, – განაცხადა დგებუაძემ.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, განათლების სამინისტროსთვის ეს არის გზა და შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები ეფექტიანად დანერგოს.

განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველა მასწავლებელს, რომლებმაც ძალიან მოინდომეს, რათა თავიანთი ვალდებულება შეესრულებინათ.

„მინდა, თქვენი ეთერით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა ყველა მასწავლებელს. ამ ადამიანებს ეს გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ძალიან მოინდომეს იმისთვის, რომ თავიანთი ვალდებულება შეესრულებინათ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.