ეკატერინე დგებუაძე - შესაძლებელია, სასწავლო პროცესისთვის შაბათი დღეც იყოს გამოყენებული
ეკატერინე დგებუაძე - შესაძლებელია, სასწავლო პროცესისთვის შაბათი დღეც იყოს გამოყენებული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, შესაძლებელია, სასწავლო პროცესისთვის შაბათი დღეც იყოს გამოყენებული.

მისივე თქმით, სკოლებს სრული თავისუფლება აქვთ, საჭიროებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი თავად დააორგანიზონ.

„დღეს სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, თავად დააორგანიზონ სასწავლო პროცესი. აქ არის საუბარი, რომელ საათზე დაიწყებს სასწავლო პროცესს, გაკვეთილის ხანგძლივობა რამდენი ხანი იქნება, შესვენებები როგორ დაორგანიზდება. ასევე, შესაძლებელია, შაბათი დღეც იყოს გამოყენებული სასწავლო პროცესისთვის.

განათლების სამინისტრომ ყველა მიმართულებით იმუშავა და მისცა დაშვება, რომ დაცული იყოს მოსწავლის ჯანმრთელობისადა სწავლის უფლება. ამისთვის მაქსიმალური რესურსი ჩადო. შეგვიძლია მშობლებს ვუთხრათ, რომ მათი შვილები სკოლებში დაცულები იქნებიან და არ ჰქონდეთ შიში, რომ ნორმები, რომლებიც არის განსაზღვრული, არ იქნება შესრულებული“,  – განაცხადა ეკატერინე გდებუაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეკომენდაციების დაცვით იმუშავებენ სკოლები, დგებუაძემ აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ორი მიმართულებაა განსაზღვრული.

„ეს არის ორი სხვადასხვა მიმართულება. თუ ვისაუბრებთ მასწავლებლების ტესტირებაზე, ამ შემთხვევაში, ეს არის სავალდებულოდ განსაზღვრული ტესტირება, სადაც მინიმუმ სავალდებულოდ განსაზღვრული 20 პროცენტია იმ პირების, რომლებიც მუშაობენ სკოლებში. აქ არის საუბარი როგორც მასწავლებლებზე, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. თითოეულ მათგანს აქვს შეხება მოსწავლეებთან და ყველა უნდა იყოს დატესტილი. ეს პროცესი მიმდინარეობს დღესაც და სტატისტიკური მონაცემები ტესტებთან დაკავშირებით უკვე აქვთ და ექნებათ ჯანდაცვის შესაბამის უწყებას. რაც შეეხება მოსწავლეებს, ამასთან დაკავშირებით არსებობს პროტოკოლი. სკოლაში შესვლისთანავე ხდება თერმოსკრინინგი, სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, გარკვეული პროტოკოლი არსებობს, როგორ მოქმედებს სკოლა. ყველა ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადადგა სკოლის ადმინისტრაციამ, წერილობით არის გაწერილი. სკოლებს აქვთ ინფორმაცია და აღჭურვილია ჰიგიენის სანიტარიის მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსით. მათი ვალდებულებაა, აკონტროლონ მოსწავლეების სკოლაში გადაადგილება, ჰიგიენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა დგებუაძემ.

ამასთან, ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დაანონსებულზე ადრე განახლდეს. დგებუაძის თქმით, თუ დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი გარკვეულ ნიშნულამდე დაიწევს, საკორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„თუ შევხედავთ სტატისტიკას ყოველდღიურად უმჯობესდება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ გარკვეულ ნიშნულამდე თუ დაიწევს პროცენტული მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში, საკორდინაციო საბჭო იმსჯელებს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით. ყველას მოლოდინია, რომ მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.