ეკატერინე დგებუაძე - მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ახლა განიხილება, ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია
ეკატერინე დგებუაძე - მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ახლა განიხილება, ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრომ საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ სკოლებს სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა შესთავაზა.

„მშობელი ერთი მხრივ წერილობით, მეორე მხრივ, ელექტრონულად მიმართავს სკოლას, სადაც აფიქსირებს სურვილს, რომ შვილმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს. ეს სერვისი ყოველ ოთხშაბათ დღეს იქნება გახსნილი, რათა ამ პროცესების დაორგანიზება მოხდეს და ორშაბათობით დისტანციურ ფორმატში მოსწავლეთა განახლებულ რაოდენობას მივიღებთ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო საჯარო სკოლებში არსებულ ამ სერვისს დამატებით დააფინანსებს. ის მასწავლებლები, რომლებიც დისტანციური სწავლების ფორმატში იქნებიან ჩართული, ჩატარებული დამატებითი საათების რაოდენობიდან გამომდინარე, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, დგებუაძის თქმით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არსებობს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია, რომელიც შესაძლოა, გადაიხედოს. კერძოდ, ამ დროისთვის სკოლის სივრცეში პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის სავალდებულო არ არის, თუმცა, დგებუაძის განმარტებით, ახლა განიხილება, ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია.

„არსებული რეგულაციის ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ახლა განიხილება, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ხომ არ შეიცვალოს რეგულაცია. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ და ინფორმაციას მივაწვდით სკოლას, მშობელს და საზოგადოებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ამასთან, დგებუაძე შესაძლო რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინისტრომ ორი მიმართულებით იმუშავა:

„პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით სამინისტრომ გარკვეული ღონისძიებები გააკეთა. მეორე არის უკვე განათლების მიმართულება, როგორ დაორგანიზდეს ეს პროცესი. როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა, ეს სასწავლო პროცესთან კავშირშია. თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, სკოლამ ამ მიმართულებითაც გარკვეული რეგულაცია უნდა გაატაროს, ან არსებითი საგანი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

დგებუაძის ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს, ასევე მუნიციპალურ დონეზე არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით სკოლებში მივლენ და იქ არსებულ ვითარებას გააკონტროლებენ.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სკოლა მზადაა. გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან. თუ რომელიმე სკოლაში რამე ტიპის გამოწვევაა, ჩვენ ვმსჯელობთ გადაჭრის გზებზე და ვეხმარებით, რომ ეს პროცესები სრულად იყოს მართული. თუ რამე რესურსი აკლია, დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ყველა სკოლა არის აღჭურვილი“, – დასძინა ეკატერინე დგებუაძემ.