ეკატერინე დგებუაძე - განათლების სამინისტრო მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს
ეკატერინე დგებუაძე - განათლების სამინისტრო მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს

ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული, არა მხოლოდ სკოლებთან მიმართებით, არამედ განათლების ყველა საფეხურზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. რა თქმა უნდა, მივყვებით ყველა ინსტრუქციას, რეკომენდაციასა და მითითებას, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო გვაძლევს. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მოვახდინოთ ყველა საჯარო სკოლის დეზინფექცია, რაც მიმდინარეობს და დღესდღეობით, ეს პროცედურა 1 500-მდე სკოლაშია ჩატარებული. გვაქვს კიდევ ერთი კვირა იმისთვის, რომ დეზინფექციის პროცესი დავასრულოთ დანარჩენ 500 სკოლაში. იგივე პროცესი მიმდინარეობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა სკოლების მოვლა-პატრონობის დოკუმენტი, რომელიც წყალს და ჰიგიენას ეხება.

„ამ მიმართულებით ეს დოკუმენტი არის ჩვენი სამოქმედო დოკუმენტი, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქამდე, სისტემას ასეთი გამართული დოკუმენტი არ ჰქონია და უკვე ვიცით, მოვლა-პატრონობის ნაწილში როგორ მოახდინოს სკოლამ დასუფთავება და წყალმომარაგება, რა დოზით მოხდეს ჰიგიენური საშუალებების მომარაგება და ა.შ.“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მზადა არის სისტემა სწავლის განახლებისთვის დღეს არსებული მდგომარეობით და აუცილებლობის შემთხვევაში, გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია ყველა სკოლის საჭიროება და განათლების სამინისტროს აქვს მზაობა, სასწავლო პროცესი არდადეგების შემდეგ, 16 მარტს მინიმალური სტანდარტით მაინც დაიწყოს.

„განათლების სამინისტრო მიჰყვება ყველა რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს, არა მარტო ზოგადი განათლების, არამედ ყველა საფეხურზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, სასწავლო პროცესს მომზადებული დავხვდეთ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უკვე ვალდებულებაა, 16 მარტამდე ის კერძო ბაღებიც დაიხუროს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ფუნქციონირებას.

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სკოლებთან და შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა კერძო სკოლა ასრულებს რეკომენდაციას, რომელიც მთავრობის დადგენილებით გამოიცა, მაგრამ გუშინაც ისმოდა კითხვა, რას აკეთებენ კერძო ბაღები. უკვე ვალდებულებაა, 16 მარტამდე ის კერძო ბაღებიც დაიხუროს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ფუნქციონირებას. დღეს შეხვედრა გვქონდა თბილისის მერიასთან და საუბარი გვქონდა მათ შორის, კერძო ბაღებთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, მათი თხოვნით ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია გაითვალისწინონ დღის და სარეაბილიტაციო ცენტრებმა, რომლებიც დღეს ისევ ფუნქციონირებენ“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.