ეკატერინე დგებუაძე - დიდი მადლობა პირველ არხს, საქართველომ სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ტელესკოლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
ეკატერინე დგებუაძე - დიდი მადლობა პირველ არხს, საქართველომ სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ტელესკოლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

ტელესკოლა არ არის მარტო, ასე ვთქვათ, გაკვეთილის ვალდებულება, არამედ ძალიან ბევრი სიახლე მოხდა: კარგი მასწავლებლები აღმოვაჩინეთ, საინტერესო გაკვეთილის მაგალითები მივეცით ჩვენს მასწავლებლებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა.

„აღვნიშნე, რომ 2020 წლის მარტის თვიდან მიმდინარეობს დისტანციურ ფორმატში სასწავლო პროცესი და კიდევ ერთხელ, ამაზე სულ ვსაუბრობ, თქვენც აღნიშნეთ იუნისეფ-ის რეკომენდაცია, რომ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესს ვერაფერი შეცვლის და ამას მუდმივად ვიძახით, მაგრამ ვართ მდგომაროებაში, როდესაც უნდა ვმართოთ სასწავლო პროცესი იმ ფორმატში, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაგვედგინა ყველა ის საჭიროება, რომელიც არსებობდა ჩვენს მოსწავლეებში. მოგეხსენებათ, არიან სოციალურად დაუცველები, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები, არის სოფლები, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არის და მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს სწორედ სოფლების ინტერნეტიზაცია. ამასთან დაკავშირებით დიდი მადლობა პირველ არხს, დავსხედით და ორი კვირის განმავლობაში ერთობლივად ​დავაორგანიზეთ და ეთერში გავუშვით ტელესკოლა. ეს ტელესკოლა არ არის მარტო, ასე ვთქვათ, გაკვეთილის ვალდებულება, არამედ ძალიან ბევრი სიახლე მოხდა: კარგი მასწავლებლები აღმოვაჩინეთ, საინტერესო გაკვეთილის მაგალითები მივეცით ჩვენს მასწავლებლებს. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც ჩვენთვის არის ასევე მნიშვნელოვანი და სხვადსხვა პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, როდესაც რეკომენდაციებს ვუწევდით მშობლებს, ოჯახის წევრებს, სახლის პირობებში როგორი მხარდაჭერა აღმოეჩინათ. ძალიან მიხარია, როდესაც პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, დაიწყო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. როგორც თქვენ ​აღნიშნეთ, „ბიბისიმ“ ათი თვის შემდეგ, სწორედ ახლა, იანვრის თვეში გაუშვა ეთერში ერთ-ერთ დამხმარე სერვისად, ანუ საგანმანათლებლო სერვისად ტელესკოლა“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიზნით განხორციელდა იაფი ინტერნეტის პროგრამა.

„კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განხორციელდა იანვრის თვეში, მინდა, აღვნიშნო რომ ხანგრძლივი მოლაპარაკება იყო იმ ორგანიზაციებთან, იმ პროვაიდერ კომპანიებთან, „მაგთი“, „ბილაინი“ და „სილქნეტი“, კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი, რადგან ეს არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ამ კომპანიებმა აჩვენეს, რადგან საქართველოში არსებულ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი მოსწავლეს, ასევე 60 000-მდე მასწავლებელს მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად მესამედ თანხაში შესაძლებელი გახადეს ინტერნეტი ამ ადამიანებისთვის. სწორედ ამ ინტერნეტის გამოყენება ეფუძნება საგანმანათლებლო მიზნებს და ეს პროგრამა გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ესეც არის ერთ-ერთი ნაბიჯი. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების ნაწილში ჩვენ ბევრი ღირებული პროექტი შევიმუშავეთ და მოგვცა შესაძლებლობა, დავფიქრდით იმაზე, რომ ტექნოლოგიების როლი განათლების სისტემაში არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ბევრი ელექტრორესურსი შეიქმნა და სამომავლოდ ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პროექტებს ციფრული მიმართულებით. პანდემიის პერიოდში შეიძლება, ითქვას, რომ გარდა იმ ძალიან მძიმე, ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, ძალიან ბევრი საინტერესო, სისტემისთვის წინ გადადგმული ღირებული ნაბიჯები გადავდგით“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.