ეკატერინე ადამია - კლინიკებში საწოლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროება არსებობს
ეკატერინე ადამია - კლინიკებში საწოლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროება არსებობს

ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკატერინე ადამიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამართავად 44 სამედიცინო დაწესებულებაა მობილიზებული.

„კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 44 სამედიცინო დაწესებულებაა მობილიზებული. ამ დაწესებულებებში საწოლების რაოდენობა 3 700-მდეა. ქვეყნის მასშტაბით, საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება ასეთია: თბილისში -18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1 987, აჭარაში – 11 კლინიკა,  საწოლების რაოდენობა 731, იმერეთში ათი კლინიკა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-თიანეთში მობილიზებულია ერთი კლინიკა 111 საწოლით და გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

ამასთან, როგორც ადამიამ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულების გადასაყვანად 20 სასტუმროა მობილიზებული. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში საწოლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროება არსებობს.

„ქვეყაში მობილიზებულია სასუნთქი აპარატები, 2 453 აპარატი აქვს ქვეყანას და რაც მთავარია, მედპერსონალი არის გადამზადებული. ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი, 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2 044 -ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდსასტუმრო, სადაც დღეისათვის 1 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. პარალელურად ამ ყველაფრის გარდა, შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესში ჩავრთოთ.

ქვეყანაში საწოლების რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად, ამის საჭიროება არსებობს. ქვეყნის მასშტაბით, სულ გვაქვს 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2 290. ქვეყნის მასშტაბით, გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1 400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია“, – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

დატოვე კომენტარი