ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტისგან მინიშნებები იყო, რომ შეწყალებას აპირებდა, კარგი იქნებოდა, მოტივების შესახებ ელაპარაკა, გვარამიას გათავისუფლებას პოლარიზაციის შემცირებად ვერ განვიხილავ
ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტისგან მინიშნებები იყო, რომ შეწყალებას აპირებდა, კარგი იქნებოდა, მოტივების შესახებ ელაპარაკა, გვარამიას გათავისუფლებას პოლარიზაციის შემცირებად ვერ განვიხილავ

ვისურვებდი, მეტი განმარტება ჰქონოდა ქართულ საზოგადოებას, რათა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მისი სამართლიანობა შეეფასებინა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამიას გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

„სალომე ზურაბიშვილისგან რაღაც მინიშნებები იყო, რომ ამას აპირებდა. ეს მისი დისკრეციული უფლებაა და ამაში ვეთანხმები, თუმცა კარგი იქნებოდა, ელაპარაკა მოტივების შესახებ, რამ განაპირობა გადაწყვეტილება და არგუმენტად არ მოეხმო მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, რომ ქართულ სასამართლოს სისტემაში არსებული ყველა იურიდიული ბერკეტი ამოიწურა და მხოლოდ მაშინ შეიწყალა. ვისურვებდი, მეტი განმარტება ჰქონოდა ქართულ საზოგადოებას, რათა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მისი სამართლიანობა შეეფასებინა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ეხება პოლიტიკურ პატიმარს, პოლიტპატიმარი საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება „ქართული ოცნების“ პირობებში. ეს ყველაფერი დაცულია სასამართლოთი, საკანონმდებლო სისტემით და ყველა სამართლებრივი გარემოთი, ბერკეტებით, რომელიც საქართველოს აქვს. დესტრუქციული ოპოზიციის ნარატივია, რომ ნიკა გვარამია უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, არადა, მას ეკონომიკური დანაშაული აქვს ჩადენილი. მანქანის გამოყენებაზე არ არის საუბარი, ეს არის პატარა დეტალი ამ საქმეში. დაპატიმრებული იყო დიდი ეკონომიკური დანაშაულისთვის. მას შემდეგ, რაც გაიგო და გააცნობიერა, რომ „რუსთავის 2“-ის დათმობა მოუწევდა, შვიდი მილიონი ლარი მაქინაციური, თაღლითური გზით გადარიცხა კომპანიაში, რომელიც მას ეკუთვნოდა. ფაქტობრივად, გაძარცვა „რუსთავი 2“. ამის მტკიცებულებები არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა სასამართლო, რომელიც, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გვარამიას გათავისუფლებას პოლარიზაციის შემცირებად ვერ განიხილავს. მისივე თქმით, ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და არა ცალკეული ადამიანების გათავისუფლება.

„დეპოლარიზაცია ეხება პოლიტიკური პარტიების ურთიერთდაპირისპირებას და დესტრუქციაში გადასვლას, თორემ პოლარიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება გვარამიას, სასჯელს იხდიდა ეკონომიკური დანაშაულისთვის და ამ მუხლით, ბრალდებით საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სხვა პირებიც იმყოფებიან. ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და არა ცალკეული ადამიანების გათავისუფლება პრეზიდენტის პირადი შეხედულებების მიხედვით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.