ეკა სეფაშვილი - უცნაურია, როდესაც პატიმარი ადამიანის დაყენებას ფიქრობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ალბათ ცდილობენ, სააკაშვილის რეიტინგი მომხრეების შესაძენად გამოიყენონ 
ეკა სეფაშვილი - უცნაურია, როდესაც პატიმარი ადამიანის დაყენებას ფიქრობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ალბათ ცდილობენ, სააკაშვილის რეიტინგი მომხრეების შესაძენად გამოიყენონ 

ცოტა უცნაურია, როდესაც პატიმარი ადამიანის დაყენებას ფიქრობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ისინი ალბათ ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი და ავტორიტეტი გამოიყენონ, რათა მომხრეები შეიძინონ.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატად დასახელება მათი პარტიისთვის რაიმე დიდი შედეგის მომტანი იქნება, ეს პარტია ნელ-ნელა კარგავს მომხრეებს იმ ცრუ და დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკის გამო, იმ მანიპულაციური განცხადებების გამო, რომლითაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს ძალა ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს და მეტიც – მთელ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ და, ბუნებრივია, მათი მომხრეები ვერ ხედავენ მათი შეხედულებების გამხმოვანებელ ძალას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ პარტიის რღვევის პროცესს – მაგალითად, პარლამენტში მათი ფრაქციიდან თითქმის ნახევარი უკვე წასულია და განახევრებულია ფრაქცია, შემცირებულია მათი მომხრეების რაოდენობა. 2024 წლისთვის მათ ძალიან მცირე რესურსი ექნებათ, რათა ისეთივე დიდი ნიშა დაიკავონ პოლიტიკურ სარბიელზე, როგორც 2020 წელს ჰქონდათ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ამზადებს.