ეკა სეფაშვილი - სპეკულაციური გამოსვლები და ქმედებები, რომლებიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, არის უპასუხისმგებლო და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ეკა სეფაშვილი - სპეკულაციური გამოსვლები და ქმედებები, რომლებიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, არის უპასუხისმგებლო და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს

სპეკულაციური გამოსვლები და ქმედებები, რომლებიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, არის უპასუხისმგებლო და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

მისი თქმით, ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება დეკმოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე.

„ხალხის ძალის“ სახელით მინდა გავაკეთო განაცხადი, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება იმგვარ დეკმოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომელიც ემსახურება საქართველოს და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, იმ ტრადიციული კულტურის დაცვას, რომლებზეც დგას ნებისმიერი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო. ასეთი სპეკულაციური გამოსვლები, დათქმები და ქმედებები, რომლებიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, არის ქართველი ხალხის ამ მიზნისკენ სვლისთვის ხელის შეშლა და სპეკულაცია, რომელიც უპასუხისმგებლოა და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.

სეფაშვილის თქმით, დღეს მმართველი უმრავლესობა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს.

„თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, მხოლოდ ცარიელი განცხადებები საკმარისი არ არის. საკმარისი არ არის მხოლოდ მკერდზე მუშტის ცემა, როგორც აქ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, და მხოლოდ იმის განცხადება, რომ ევროპა გვინდა. ევროპა თუ გვინდა, უნდა ვიშრომოთ ამისათვის და გადავდგათ რეალური ნაბიჯები, რათა ეს მიზანი ხელშესახები გახდეს. ასე რომ, ჩვენ უმრავლესობაში ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შევასრულოთ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, რათა მოგვანიჭოს სტატუსი. ამასთანავე, გარკვეულწილად მივიჩნევთ, რომ თავის დროზე ეს დათქმებიც ძალიან უსამართლო იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მოლდოვას უპირობოდ მიანიჭეს ეს სტატუსი, ხოლო საქართველოს ძალიან უსამართლოდ უარი ეთქვა ამ სტატუსზე. ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა საბოლოო ჯამში მაინც სამართლიანად დაუჭერს მხარს საქართველოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.