ეკა სეფაშვილი - საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს
საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ვერ დავეთანხმები ოპოზიციის შეფასებებს და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკურ პროცესები ნეგატიურად მიმდინარეობს. რეგიონში მიმდინარეობს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, რომლებმაც გამოიწვია მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესია. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების და საერთაშორისო წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. რა თქმა უნდა, ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ეკონომიკის ზრდა, რაც საქართველოში ფიქსირდება, ექსპორტის ზრდა, რომელიც იანვარ-ივლისის მონაცემებით დაახლოებით 36%-ია, არის ის ქმედითი ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრების მაჩვენებელია უმუშევრობის შემცირებაც.
„2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობა 4 პროცენტით შემცირდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი დასაქმდა და გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხოვნებაც. ნუ ვიქნებით მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირებული, ის პოზიტიური ძვრები, რაც არსებობს საქართველოს ეკონომიკაში, ნამდვილად მიმართულია ინფლაციის გადალახვისა და სიღარიბის დაძლევისაკენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.