ეკა სეფაშვილი - მთელი მსოფლიო მოუწოდებს რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ, პუტინი კი არავის უჯერებს, ვინმეს აქვს ძალაუფლება, რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს ფრენები და რუსეთიც დაუჯერებს?
ეკა სეფაშვილი - მთელი მსოფლიო მოუწოდებს რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ, პუტინი კი არავის უჯერებს, ვინმეს აქვს ძალაუფლება, რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს ფრენები და რუსეთიც დაუჯერებს?

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფასვილის განცხადებით, რუსეთის მიერ სავიზო მიმოსვლის გაუქმება ხელსაყრელია იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

მისივე თქმით, სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას მიესალმება.

„რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო მიმოსვლა საქართველოსთან. თავდაპირველად, როდესაც 2019 წლის 8 ივლისს რუსეთმა ეს შეზღუდვები დააწესა, დასავლეთი, კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რუსეთს მოუწოდებდნენ ამ აკრძალვის გაუქმებისაკენ და მიუთითებდნენ, რომ ეს იყო ძალიან არასამართლიანი საქართველოს მოქალაქეებისა და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც დღემდე რუსეთში ცხოვრობენ და საქმიანობენ. მაშინ ეს შეფასდა, როგორც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი განხორციელებული არამეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ. დღევანდელ ვითარებას რაც შეეხება, მივესალმები მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვის მოხსნასა და მოგზაურობის გამარტივებას იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათთვის რეალურად დიდი შეღავათია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვამენ არც იმ ქვეყნების მოქალაქეები, არც აშშ და არც ევროკავშირი, ამ შემთხვევაში არა მგონია, საქართველოს მიმართ რამე პრეტენზია იყოს ვინმესგან, გარდა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებისთვისაც უფრო ხელსაყრელი, მოსაწონია, რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება ქვეყანაში და რაც უფრო დაჩაგრული იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიებზე, რომელიც რუსეთთან სალაპარაკოდ ჩვენს ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, არაერთხელ განხილულა და დაყენებულა საკითხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების შესახებ, რაც მათ ხშირად ეზღუდებათ ხოლმე. თუ ჩვენ საერთაშორისო დისკუსიებში ამ მოქალაქეების უფლებების დაცვას ვცდილობთ, ასევე ჩვენი 100 000 მოქალაქის უფლებების დაცვაზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ? ასე რომ, გაუგებარია ორმაგი სტანდარტები. ვხედავთ, რომ რუსეთი ჩართულია უმძიმეს ომში უკრაინასთან, მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ ომის შეწყვეტისკენ, პუტინი კი არავის უჯერებს. როგორ ფიქრობთ, ვინმეს აქვს იმის ძალაუფლება ან უნარი, რუსეთს უთხრას, შეწყვიტოს, გააუქმოს ან აკრძალოს ფრენები და რუსეთიც მას დაუჯერებს? ეს მისი ერთ-ერთი ჩვეულებრივი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა და არ გამოვრიცხავ, სპეციალურად აკეთებდეს საზოგადოებისთვის იმის საჩვენებლად, რომ არავის ემორჩილება და როგორც უნდა, რასაც უნდა, იმას გააკეთებს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.