ეკა სეფაშვილი - როცა ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა კანონპროექტი, პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე, ამიტომ მივიღეთ გაწვევის გადაწყვეტილება
ეკა სეფაშვილი - როცა ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა კანონპროექტი, პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე, ამიტომ მივიღეთ გაწვევის გადაწყვეტილება

გადაწყვეტილება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მივიღეთ ერთობლივად, პოლიტსაბჭოს, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იყო მიკერებული ამ კანონპროექტზე რუსული კანონის იარლიყი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ განაგრძობს კანონპროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

„ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება წარმოაჩინეს, როგორც ევროპული კურსიდან გადახვევა და მათ შეძლეს, ანუ სიცრუის დიდმა მანქანამ შეძლო საზოგადოების გარკვეული ნაწილის ამაში დარწმუნება. ასევე, ჩვენ დავინახეთ გუშინდელ აქციებზე, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის ჩათრევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ჩვენ, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე და ასევე, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები არის მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა შევძლოთ ევროპისკენ და ევროპულ ინტეგრაციაში ღირსეული სვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას, რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისათვის, სწორედ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამგვარი დაპირისპირება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნა. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ ხალხს ავუხსნათ და სწორად ვაჩვენოთ ის, თუ რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი, რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და, განსაკუთრებით, უცხოური ძალებისაგან დაფინანსებული ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ამ მიმართულებით ფართო საინფორმაციო კამპანიას გავშლით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება, მოლოტოვის კოქტეილები, შეჭრა პარლამენტში, ცეცხლის გაჩენა და ა.შ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სეფაშვილმა.