ეკა სეფაშვილი - რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს სანქციებს გვერდს უვლიდა, იყო საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობა
ეკა სეფაშვილი - რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს სანქციებს გვერდს უვლიდა, იყო საქართველოს იმიჯის შელახვის მცდელობა

რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოს დადანაშაულება იმაში, თითქოს სანქციებს გვერდს უვლიდა, რა თქმა უნდა, იყო მცდელობა, შელახულიყო საქართველოს იმიჯი როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, ისე ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არამცთუ გვერდს არ უვლის, არამედ არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც სისტემურად არის მოგვარებული პრობლემები და დაცულია სანქციების დაცვის მექანიზმები.

„ეს აღნიშნეს ამერიკელმა, ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რომლებიც თავადვე დარწმუნდნენ, როდესაც განიხილეს საერთაშორისო სანქციების დაცვის მექანიზმები საქართველოში. ეს არის ოპოზიციის მცდელობა, საქართველო დაადანაშაულონ იმ საქმეებში და შექმნან ის იმიჯი, თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს ან ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის დამადასტურებელია, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების კომპანიები კვლავაც აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და რუსეთის ბიუჯეტი ამისგან მოგებას იღებს.

„ისინი აგრძელებენ ვაჭრობას და საქართველოს სთხოვენ, შეწყვიტოს ორმხრივი ვაჭრობა, რომლის შესახებაც საქართველომ თავიდანვე განაცხადა, რომ არ შეუერთდებოდა ორმხრივი ვაჭრობის შეჩერებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.