ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის განცხადება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასა და რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მიმართულია ანტიდასავლური პროპაგანდისკენ
ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის განცხადება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასა და რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე მიმართულია ანტიდასავლური პროპაგანდისკენ

რუსეთის მხრიდან გუშინდელი ნაბიჯი შეიძლება, შეფასდეს, როგორც პროვოკაცია, რადგან ეს საქართველოში ანტიდასავლური განწყობების მიმართულებით შეიძლება იყოს გარკვეული წყლის დასხმა, მით უმეტეს, ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიცია ძალიან კმაყოფილი დარჩა, პირიქით, ხელისუფლებას ამუნათებენ, თურმე თქვენი პოლიტიკის წყალობით რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ღია სავიზო რეჟიმი ძალიან ბევრ ქვეყანასთან ისევე, როგორც რუსეთთან აქვთ ევროპის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა.

„რეალურად ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და რუსეთისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, ეს მისი მხრიდან არის ძალიან გადამეტებული შეფასება, ისევ და ისევ მიმართულია ანტიდასავლური პროპაგანდისკენ. ეს არის ჩვეულებრივი ჰომოფობიური განცხადება. საქართველოს აქვს ღია სავიზო რეჟიმი ძალიან ბევრ ქვეყანასთან ისევე, როგორც რუსეთთან აქვთ მთელი რიგი ევროპის ქვეყნებს და მთელ რიგ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების ხელის შეშლა არის მათი ფუნდამენტური უფლებებისადმი დაწესებული კიდევ ერთი ბარიერის აღმართვა, რაც ჩვეულებრივი ჰომოფობიაა და ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა“, – განაცხადა სეფაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.