ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, გამაოგნებელია, ეს მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის მესამე შემთხვევაა
ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, გამაოგნებელია, ეს მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის მესამე შემთხვევაა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ ძალიან გამაოგნებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის “ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება თუ არ იქნება ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაშია მხილებული, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება. საქართველოს მოქალაქეობა არ არის ის თემა, რომლის გამოც ადამიანი ვერ გასამართლდება, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. არ ვიცი, მე თვითონაც ავიბენი, ისე ჩახლართა ყველაფერი. ერთი რამ მაინტერესებს, პრეზიდენტის ამხელა ადმინისტრაციაში ერთი იურისტი მაინც არ იყო, ვინმეს ერჩია, რომ ეს არაფერს ნიშნავდა? მეორე, ის როდესაც ამბობს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეო, რომელი ინტერესებიდან გამომდინარე? ჩემი ინფორმაციით, ფარცხალაძემ უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან და რა სახელმწიფო ინტერესების დარღვევაზეა საუბარი? სად დაირღვა, რა შეილახა, რა უნდა დაიცვას? პრეზიდენტმა კი უკვე მერამდენედ დაარღვია კანონი. კანონის თანახმად, ფარცხალაძეს უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. როდესაც გამჟღავნდა ეს ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების სამსახურმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა დოკუმენტი და ქალბატონი პრეზიდენტი უკვე მერამდენედ თავს კანონზე მაღლა აყენებს და ამბობს, რომ არ მოაწერს ხელს რაღაც გაურკვეველი და გამაოგნებელი მიზეზით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არის სრული აბსურდი. საქართველოს მოქალაქე რომ იქნება, უფრო მეტად დაისჯება, თუ რა ხდება?“ – აცხადებს ეკა  სეფაშვილი.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ეს არის პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის მესამე ფაქტი.

„პირველი, როცა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა ვიზიტები საზღვარგარეთ; მეორე, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა გადადგომისაკენ და მესამე – ახლა. იცით, რას გვეუბნება, რომ მე ვარ კანონი, ანუ კანონის უზენაესობას არ აღიარებს და იცით, რა მაინტერესებს? ევროპაში რომ დადიოდა და ვითომ სტატუსს ლობირებდა, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, იქ რას ამბობდა, კანონს დავარღვევთ, კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ გვინდა და სტატუსი მოგვეცითო? რომელი ევროპული კრიტერიუმია კანონის და კონსტიტუციის დარღვევა? სრული აბსურდია და რატომ ჰგონია, რომ ხალხმა უნდა დაუჯეროს და ხალხისთვის ეს მოსაწონია. ფაქტობრივად, გამოდის და ამბობს, რომ მე ამ ქვეყანაში კანონზეც მაღლა ვდგავარ, კონსტიტუციაზეც და მე ასე მინდა,“ –  განაცხადა მან.

სეფაშვილის თქმით, ისინიც კი, ვინც ამის გამართლებას ცდილობენ, ცრუ აღქმების დანერგვით არიან დაკავებულები.

„კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ მისი იმპიჩმენტი საჭიროა. უბრალოდ, ჩვენ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ოპოზიცია კი არ აპირებს დარბაზში შემოსვლას. ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და ოპოზიცია ამბობს, რა მოხდა მერე, ევროპაში მაინც მიგვიღებენო. ევროპას რომ თავი დავანებოთ, საკუთარ ქვეყანას არ სცემ პატივს, საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობას არ აპირებ, შენ არ გაინტერესებს, რომ შენს ქვეყანაში კანონი იყოს დაცული და შენი მოქალაქე იყოს დაცული, შენი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ გამართული იყოს და არ იყოს ცალკეული პირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული? მარტო ევროპული ინტეგრაციის შექმნა ხომ არ არის, ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული და გვაქვს კონსტიტუცია, რომლის დარღვევა არის დანაშაული“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.