ეკა სეფაშვილი - პირდაპირი ფრენების აღდგენით რუსეთმა ევროკავშირი გამოიწვია, ამ გამოწვევაზე ერთადერთი სწორი პასუხი არის ჩვენთვის სტატუსის მონიჭება
ეკა სეფაშვილი - პირდაპირი ფრენების აღდგენით რუსეთმა ევროკავშირი გამოიწვია, ამ გამოწვევაზე ერთადერთი სწორი პასუხი არის ჩვენთვის სტატუსის მონიჭება

„ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენით რუსეთმა ევროკავშირი გამოიწვია და რუსეთის ამ გამოწვევაზე ევროკავშირის ერთადერთი სწორი პასუხი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს.

როგორც სეფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა, პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ანტიდასავლური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

„ფრენები აღადგინა რუსეთმა ცალმხრივად. ეს ჩვენი მხრიდან შეწყვეტილი არ იყო. აღადგინა იმიტომ კი არა, რომ ქართველები უყვარს და საქართველოს მიმართ არის ძალიან კეთილად განწყობილი, არა, ეს არის მისი ანტიდასავლური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ეს არის გამოწვევა ევროკავშირის მიმართ. მან გამოწვევა გადაუგდო ევროკავშირს და ევროკავშირმა უნდა უპასუხოს. ევროკავშირის გამოწვევაა ეს და ვფიქრობ, რუსეთის ამ გამოწვევაზე ერთადერთი სწორი პასუხი არის ჩვენთვის სტატუსის მონიჭება. ელჩების დემარში იყო ისრების გადმოწევა საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს დემარში, ანუ ისრების ჩვენზე გადმოწევა, არის მცდელობა, რომ ამაში დაადანაშაულონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, რეალურად, ამაში დამნაშავე არ არის. მეორე მხრივ, დააყენეს საკითხი, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიუერთდეს და ა.შ. მაშინ, როცა ჩვენ პირველივე დღიდან მივუერთდით საერთაშორისო სანქციებს და ამ ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები იმისთვის დაუწესა, რომ რუსეთი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაეყენებინათ, რათა სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი ეწვნია და დათმობებზე წასულიყო, მაგრამ პატარა საქართველო რუსეთს ამ მიმართულებით დისკომფორტს ვერანაირად ვერ აგრძნობინებდა.

„პატარა საქართველომ, რომლის მთლიანი ექსპორტი რუსეთის მთლიანი ვაჭრობის საერთო მოცულობაში 0,3%-ია, რანაირად უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს დისკომფორტი ამ მიმართულებით? ვერანაირად. უბრალოდ, მოხდებოდა ის, რომ დაზარალდებოდა ქართველი ხალხი და საქართველოს ეკონომიკა. ეკონომიკური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. გაპარტახებულ საქართველოს ევროკავშირი არ მიიღებს, არავითარ შემთხვევაში და ჩვენ ჩვენი ქმედებებით უნდა ვეცადოთ, კეთილდღეობის ევროპულ სტანდარტს დავუახლოვდეთ. დემოკრატიული კრიტერიუმების გარდა, ევროკავშირს აქვს მკაცრად გაწერილი ეკონომიკური კრიტერიუმები და იმასაც თუ ვერ დავაკმაყოფილებთ, ისეც არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ერთობლივად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა ომში ჩართვას გადაარჩინა, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ პრემიერის გზავნილი, სადაც ის ამბობს, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციაა, მაგრამ საქართველოს მაინც ნატო-ში ინტეგრაცია სურს, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემა კონსტიტუციაში 2017 წელს ჩაიწერა, ამის შესახებ მანამდეც არა ერთხელ იყო გაცხადებული და ამაში ახალი არაფერია.

„ნატო-ში ინტეგრაციის გაცხადებული მიზეზი, რომელიც პუტინმა განაცხადა, რომ ამის გამო დაესხა თავს უკრაინას, იყო მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ მიზეზს შორის, რამაც პუტინი აიძულა, თავს დასხმოდა უკრაინას. მარტო ეს ხომ არ იყო მიზეზი?! ეს იყო, უბრალოდ, ერთ-ერთი გაცხადებული მიზეზი. საქართველოსთან მიმართებაში, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთმა მოინდომოს საქართველოში შეიარაღებული ესკალაცია ან რამე სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, თორემ მას არავითარი მიზეზის ძებნა არ დასჭირდება. მიზეზის მოგონება მისთვის ალბათ წამების ამბავია, რომ მოიგონოს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევეცადოთ, რომ ზედმეტად არ მივცეთ მიზეზი და ზედმეტად ესკალაციას არ შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა სეფაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, „ხალხის ძალა“ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოძრაობად ჩამოყალიბდეს, რომელსაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული საკუთარი დღის წესრიგი ექნება და განიხილება თუ არა საკითხი, რომ მომავალ არჩევნებში „ხალხის ძალა“ ცალკე ერთეულად მოგვევლინოს, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც გამორიცხავს, რადგან ნამდვილად არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ამ ეტაპზე „ქართული ოცნებისგან“ იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება ნამდვილად არ გაგვაჩნია. ჩვენ უმრავლესობის წევრი ვართ, ვიზიარებთ ყველა იმ პოლიტიკას და გადაწყვეტილებას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, კულისებშიც კი კამათი არ მოგვდის. ერთადერთი საკითხი, რამაც თავის დროზე კამათი გამოიწვია, იყო ის, რომ უფრო მეტი სიმართლე უნდა სცოდნოდა ხალხს, ასე მიგვაჩნდა „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიდგომამ შედეგი ნამდვილად გამოიღო, რადგან საზოგადოებას მიეწოდა მეტი ინფორმაცია გარკვეული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით და ა.შ.
შეკითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, რაზეც ოპოზიცია საუბრობს და არის თუ არა ამ ვითარებაში კრიტიკის დრო, როცა ქვეყანა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დასავლელი კოლეგის მიმართ კრიტიკას ობიექტური საფუძველი გააჩნია, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის საერთაშორისო საზოგადოების წევრი და ქვეყანა სრულუფლებიანად, თანაბარპარტნიორულ დონეზე უნდა იყოს წარმოდგენილი.

„ობიექტურად რომ მივუდგეთ, რატომ გვინდა ევროპა? იმიტომ ხომ არ გვინდა, რომ გეოგრაფიულად მაინცდამაინც დასავლეთი გვინდა?! არა, იქ არის თანასწორობა, ადამიანის უფლებების, ღირსების დაცვა და სწორედ ამ სტანდარტებისკენ მივილტვით. ჩვენ თუ თავიდანვე არ დავაყენეთ ეს საკითხი ისე, რომ ჩვენ უნდა მოგვეპყრონ, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორს, მერე, ვფიქრობ, გვიან იქნება ამ თემაზე ლაპარაკი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.