ეკა სეფაშვილი - პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, როგორ იცავენ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს
ეკა სეფაშვილი - პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, როგორ იცავენ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, როგორ იცავენ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკა სეფაშვილმა უპასუხა კითხვას: „რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით?“

ეკა სეფაშვილის განმარტებით, ორი მაგალითის მოყვანაც მკაფიოს ხდის ამ კუთხით არსებულ განსხვავებას.

„ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატია, ჩვენთან იქნება ეს, ევროპის თუ დასავლეთის სხვა ქვეყნებში. პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს. უბრალოდ, მოვიყვან ორ ციფრს და მოსახლეობას აღარ შევახსენებ იმ საშინელებებს, რომლებიც იმ პერიოდის („ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას) ციხეებში ხდებოდა, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი შედიოდა, და თუ ცოცხალი გამოდიოდა, გამოდიოდა ისეთი დაავადებებით დახუნძლული, რომელთა განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

ამ პერიოდში 24 000 პატიმარი ჰყავდა საქართველოს და დღეს ჰყავს დაახლოებით 9 000. მახსოვს ევროკავშირის ანგარიში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა, მაშინ საქართველო ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის განხორციელების პროცესში იყო ჩართული. როცა აფასებდნენ საქართველოს პროგრესს, შესავალშივე 23 000 პატიმარზე ეწერა და ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი: სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რიცხვი 10-ჯერ არის შემცირებული. ეს არის მხოლოდ ორი მაჩვენებელი იმ ზღვა, უამრავ მასალასა და ფაქტებს შორის, რომელიც, მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოიყვანოს იმის შესაფასებლად, რა ხდებოდა და ხდება დემოკრატიის კუთხით საქართველოში“, – განაცხადა სეფაშვილმა.