ეკა სეფაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ ზრუნავენ, მონაწილეობა მიიღონ პროცესებში სრულფასოვნად და არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით
ეკა სეფაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ ზრუნავენ, მონაწილეობა მიიღონ პროცესებში სრულფასოვნად და არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით

მოვუწოდებ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს, რეალურად თუ უნდათ ევროინტეგრაცია, ჩაერთონ პროცესებში ისე, როგორც ეკადრება საქართველოს მომავალს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა სეფაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, მას იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, დასავლეთის დასანახად, ფორმალურად, ახლა მაინც მიიღებს მონაწილეობას ამა თუ იმ სამუშაო ჯგუფში.

„მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ 12 რეკომენდაციის შესრულება, ჩვენ ვმუშაობთ, ვქმნით სამუშაო ჯგუფებს, ვატარებთ სხვადასხვა შეხვედრას და ვცდილობთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ხოლო ოპოზიციის მხრიდან გვესმის მხოლოდ ხმამაღალი ყვირილი, რომ უნდათ ევროინტეგრაცია. ამის იქით მეტი დახმარება და ხელშეწყობა ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ერთი-ორი კონსტრუქციული გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ გვინახავს.

იმედი მაქვს, ახლა მაინც, სხვების, დასავლეთის დასანახად ჩაერთვებიან პროცესში და ფორმალურად მაინც მიიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ სამუშაო ჯგუფში და იმ პროცესებში, რაც მათი მონაწილეობის გარეშე ჩვენ მარტო არ შეგვიძლია, გავაკეთოთ. თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, რისი მარტო გაკეთებაც შეგვეძლო, სადაც მათი მონაწილეობა არ იყო გადამწყვეტი, ეს რეკომენდაციები ჩვენ უკვე შევასრულეთ. ახლა ჯერი მათზეა. მე მოვუწოდებ ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილს, რეალურად თუ უნდათ ევროინტეგრაცია, ჩაერთონ ისე, როგორც ეკადრება საქართველოს მომავალს და მართლა თუ ზრუნავენ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, კეთილი ინებონ და გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფერში სრულფასოვნად და არა მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.