შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ უტიფრობას, რასაც საქართველოში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობისას ჰქონდა ადგილი. საქართველოს შიდა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ქალბატონი ელინა მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველ იმ ათიოდე ადამიანს, რომელიც ყოველგვარი კანონების დარღვევით კეტავს რუსთაველის გამზირს და ვითომდა პროტესტს გამოხატავს, თუმცა პროტესტს რის წინააღმდეგ, აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელინა ვალტონენი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, ასევე საქართველოში ჩამოსული იყო როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი.
„ჩვენ მოვისმინეთ მისი პრესკონფერენცია, სადაც მსგავსი არაფერი თქმულა და უცებ, მეორე დღეს ვიხილეთ გაუგონარი მხარდაჭერა იმ ძალადობის, რომელსაც მთელ მსოფლიოში გმობენ. რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს წარმომადგენელმა საჯარო განცხადებაში დაგმო ის ძალადობრივი მიტინგი და შეკრება, რომელსაც 4 ოქტომბერს საქართველოში ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა ევრობიუროკრატის და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი ორმაგი მიდგომები და სტანდარტები ჩვენი ქვეყნის მიმართ უცხო არ არის. ქართველი ხალხისთვის ძალიან რთულია ასეთი ორმაგი მიდგომების ატანა, ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა და ამ ყველაფერზე მშვიდად რეაგირება. არ არის გასაკვირი, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ ნდობა რამდენიმე პროცენტით შემცირდა. სწორედ ასეთი დამოკიდებულებები ამცირებს საქართველოში ევროინტეგრაციისადმი და ევროპული ფასეულობისადმი ნდობას, რაც კარგი არ არის და ამ ფაქტს მწუხარებით აღვნიშნავ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ევროპული დემოკრატიისთვის წარმოუდგენელია და დიდი სირცხვილია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, როდესაც ხალხს 4 ოქტომბერს ე.წ. მშვიდობიან ამბოხში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
„ევროპული სამართლისათვის მიუღებელია ზოგიერთი ევრობიუროკრატის განცხადება, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების დასჯას იმ დემოკრატიის შექმნისათვის, რომელიც თვით ევროკავშირის მიერ აღიარებულია და შეფასებულია როგორც ერთ-ერთი მოწინავე. ეს შეფასებები ისეთი დონისაა, რომლითაც საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი. ასევე მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმის დარღვევაა ზოგიერთი პარლამენტარის მუქარა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და სპეკულირება უვიზო მიმოსვლის შეჩერების თემით. უვიზო მიმოსვლა ობიექტურ კრიტერიუმებს ემყარება და, პირველ რიგში, ის იმისთვისაა შემოღებული, რომ ევროკავშირის სივრცე დაცული იქნეს არალეგალური მიგრაციისაგან, რასაც საქართველო წარმატებით ართმევს თავს. ამ ბოლო პერიოდში იმის მცდელობა, რომ უვიზო მიმოსვლას რაღაც პოლიტიკური მდგენელი დაემატოს, სწორედ იმას ნიშნავს, რომ უსამართლო პოლიტიკური მიდგომების გამოყენებას აპირებენ მომავალში, რასაც არც ქართველი ხალხი მოითმენს და, დარწმუნებული ვარ, ასე მარტივად ამ უსამართლო გადაწყვეტილებას არც ევროპელი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის წევრმა.
ეკა სეფაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად ისმის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები, თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
„ბოლო პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ ორი ძირითადი მოთხოვნა – პირველი, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის და მეორე, ოჯახური ღირებულებების კანონის უკან გაწვევა. გამჭვირვალობის კანონი არ უნდათ სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოში შავი ფულით და ფარული მეთოდებით სურთ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა. საინტერესოა, ევროკავშირი ამ ძალების კარნახით და მათი დავალების შესაბამისად მოქმედებს თუ ჯერ კიდევ არსებობს ევროკავშირში საღი აზრი და ჭეშმარიტად ევროპული ფასეულობების დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ყველაფერს წინ აღუდგებიან? და მეორე, ოჯახური ღირებულებების კანონი – ევროკავშირი შეიქმნა, განმტკიცდა და განვითარდა სწორედ ქრისტიანული ფასეულობების ირგვლივ. ახლა, როგორც ვხედავთ, სწორედ ამ ქრისტიანული ღირებულებების დაცვის საფრთხე წარმოიშვა, როდესაც მიიღეს სტრატეგია ლგბტ პირების უფლებების დაცვის განმტკიცების და ვინც ამ სტრატეგიას ჯეროვან დონეზე არ შეასრულებს, მათთვის გარკვეული ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ეროვნული, ქრისტიანული, ოჯახური ღირებულებების დაცვას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ორჯერ მისცა ხმა – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, ეს ის ფასეულობებია, რასაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს.
„ძალიან სამწუხაროა, როცა ევროკავშირის მხრიდან ასეთ მცდარ ღირებულებებზე დამყარებული სტრატეგიების გატარების მცდელობებს ვხედავთ. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანობის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, მაინც იტყვის თავის სიტყვას და მსოფლიოც, ევროკავშირიც და საქართველოც დაუბრუნდება სწორედ ამ ფასეულობების დაცვისაკენ მიმართულ განვითარებას. ამ ფასეულობების დაცვისთვის არც საქართველო დაისჯება, არც ქართველი ხალხი და არც რომელიმე სხვა ქვეყანა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.