ეკა სეფაშვილი - მერაბიშვილი დარწმუნებული იყო, რომ აქციების საშუალებით მოხდებოდა არეულობა, ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა ხელისუფლება, საბედნიეროდ, მსგავსი მოვლენები არ განვითარდა 
ეკა სეფაშვილი - მერაბიშვილი დარწმუნებული იყო, რომ აქციების საშუალებით მოხდებოდა არეულობა, ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა ხელისუფლება, საბედნიეროდ, მსგავსი მოვლენები არ განვითარდა 

ვნახეთ იუთუბარხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც პირდაპირ აანონსებდა ომს, იმ გზით, რომ მოხდებოდა ამ აქციების საშუალებით არეულობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა და შემდგომში ქვეყნის ომში ჩართვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა სეფაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, როგორც ჩანს, მერაბიშვილი ძალიან დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდებოდა და ამის შესახებ ხმამაღლა, დაუფარავად განაცხადა, თუმცა, საბედნიეროდ, მოვლენები მსგავსად არ განვითარდა.

„საბედნიეროდ, ჩვენ კომპრომისის ძალითა და სწორედ იმით, რომ უკან გავიწვიეთ კანონი, შევძელით ამ მოვლენების დასტაბილურება. ეს არის მათი ჩვეულებრივი მეთოდი. ყველას კარგად გახსოვთ მისი მოწოდება ორი გვამის შესახებ, რომ არეულობა მომხდარიყო და ამის შემდეგ გაეკეთებინათ პროცესები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ. მსგავსი ტიპის სცენარის განვითარების მცდელობას ჰქონდა აქ ადგილი. მსგავსი ტიპის გადატრიალება უნდა მომხდარიყო საქართველოში, როგორც ეს განვითარდა თავის დროზე უკრაინაში. ამას არც მალავდნენ, იმავე უკრაინული ხელისიფლების წარმომადგენლები თუ სხვა პირები. დაუფარავად საუბრობდნენ, რომ იქნება მეორე მაიდანი საქართველოში და ეს ყველაფერი გამოიწვევს ხელისუფლების შეცვლას. იმ ხელისუფლების შეცვლას, რომელსაც თურმე, მათი განცხადებით, ომის დაწყება არ შეუძლია და მოვა მათთვის სასურველი ხელისუფლება, რომელიც მათთვის სასურველ მეორე ფრონტს გახსნის საქართველოში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.