ეკა სეფაშვილი - დავრწმუნდით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების წუხილი იყო გლობალურად კოორდინირებული, კარგად დაგეგმილი და გადახდილი კამპანიის ნაწილი
ეკა სეფაშვილი - დავრწმუნდით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების წუხილი იყო გლობალურად კოორდინირებული, კარგად დაგეგმილი და გადახდილი კამპანიის ნაწილი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა სწორედ ფარა-ს კანონის მოთხოვნების საფუძველზე, ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, თუმცა – შემაშფოთებელს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ეს არის ის ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც ქართველმა ხალხმა გაიგო, როგორ მზადდებოდა შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, მიმდინარეობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალური პიარკამპანია, აქ საუბარი არის იმაზე ასევე, რომ ცდილობდნენ მიზანმიმართულად ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე საინტერესო გვარი, მათ შორის მარგველაშვილის, და აღმოჩნდა, რომ მისი წუხილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო, უბრალოდ, შეკვეთილი წუხილი და ამაში ფული იყო გადახდილი. ასევე, დავრწმუნდით ამ დოკუმენტებიდან, რომ ევროპარლამენტარების წუხილი, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირების და სხვათა განცხადებები, სანქციებს შეეხებოდა ეს თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ყველაფერი იყო გლობალურად კოორდინირებული, კარგად დაგეგმილი და კარგად გადახდილი ერთიანი კამპანიის ნაწილი. უკვე აღარ რჩება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოჰყვა ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა საქართველოში მარტში ამ კანონის შერბილებული ვარიანტის მიღების მცდელობას“, – განაცხადა სეფაშვილმა.