ეკა სეფაშვილი – არ მესმის, შეწყალების მოლოდინი რატომ ჰქონდათ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე
ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშებია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „გაუგებარია, პრეზიდენტის მხრიდან რატომ ელოდებიან შეწყალებას ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას.
„არ მესმის და გაუგებარია, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოს, ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ. პირიქით, ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ, სწორად მოიქცნენ და თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით ფუთავენ. დანაშაულს, რომელიც ხშირ შემთხვევაში – სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციულია. ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშებია, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს, რეალურ, ობიექტურ, სამართლებრივ ვარაუდებსა და არგუმენტებზე არ არის დაფუძნებული. ისინი თუ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ მისგან რატომ მოითხოვენ შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს? მათი მიდგომები ისევ და ისევ გაუგებარი, აბსურდულია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.