ეკა სეფაშვილი - აქციები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
აქციები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს თბილისის ქუჩებსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ეს აქციები თავიდანვე გამიზნული იყო სწორედ ამ მიზნით და იქ არავითარ შინაარსზე არ იყო საუბარი, აქციები მშვიდობიანი შეკრების ფორმას თავიდანვე გასცდა.
„შინაარსში შესვლა არავის უცდია. შინაარსი, რის გამოც, ვითომდა დაიწყეს ეს აქციები, იყო აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის, ვისაც უნდოდა გაგება. ეს იყო ის, რომ საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს ევროინტეგრაციის პროცესს, რათა 2028 წლისთვის სთხოვოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა წევრობისთვის. ეს გამოიყენეს კიდევ ერთ საბაბად რევოლუციისთვის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რისი არაერთი მცდელობაც ჰქონიათ. ეს უკვე მეოთხე მცდელობაა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, ძალიან სამწუხაროა ძალადობის შემთხვევები. სეფაშვილის თქმით, ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს უნდა დასრულდეს ორივე მხრიდან.
„რაც მთავარია, სამართალდამცავების მიმართ ეს ძალადობის აქტები არის სისტემური, კარგად ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი. როგორც ვხედავთ, ვითომდა მშვიდობიან მომიტინგეებს მომარაგებული აქვთ „მოლოტოვის კოქტეილები“, სხვადასხვა საგანი, რომლებსაც ისვრიან, ასევე პიროტექნიკა, რომელიც საკმაოდ საშიში იარაღია და საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენა პოლიციელებს, ხდება ვანდალური აქტები, მუნიციპალური თუ კერძო ქონების განადგურება.
ვხედავთ, რომ რუსთაველის გამზირზე ხე მოჭრეს, დაწვეს სკამები და ნაგვის ურნები. ეს არ არის მშვიდობიანი მიტინგი. დაზარალებულები, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს არიან. ჩვენ ვნახეთ ასევე ძალადობის შემთხვევა სამართალდამცველების მხრიდან, რასაც, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, თუმცა ეს აქტი, რომელმაც მთელი საზოგადოება აღაშფოთა, გამოწვეული იყო სწორედ იმ განგრძობითი და დაუსრულებელი შეურაცხყოფების, მათი დაზიანების და მოთმინებიდან გამოყვანის დაუსრულებელი მცდელობების გამო. ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს უნდა დასრულდეს ორივე მხრიდან.
მე ყველა დაზარალებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ყველას მოვუწოდებ, რომ ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე გამოხატოს პროტესტი მშვიდობიანად და კანონის ნორმების სრული დაცვით. ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ძალადობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ვანდალიზმი და ქონების დაზიანება, რა თქმა უნდა, ისჯება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.