ეკა ლალიაშვილი – მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა ქალაქმა იფიქროს სატრანსპორტო ნაკადების ჭკვიანი სისტემებით მართვაზე, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ამით 100%-ით შეიძლება, განიტვირთოს, მაგრამ დიდ პროგრესს მოგვცემს

01:01, 30.09.2026

საცობები არ არის მხოლოდ თბილისის გამოწვევა, თუმცა, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ქალაქში, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„პარალელურ რეჟიმში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს იწვევს განტარუნარიანობის შეზღუდვას, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორის არსებობა. არის ჭარბი ავტომობილები, ცნობიერება, გზის დაგეგმარება… ვიცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უკვე აქცენტები შეიცვალა და აქამდე ავტომობილებს თუ უფრო მეტი გზა ჰქონდათ დათმობილი, ახლა ეს გზა ნელ-ნელა ნაწილდება ფეხით მოსიარულეზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეზე. ბუნებრივია, ამ ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომ ავტომობილებისთვის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე ნელ-ნელა, ქალაქმა იფიქროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და სატრანსპორტო ნაკადების მართვაზე ჭკვიანი სისტემების მეშვეობით. ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ამით 100%-ით შეიძლება, განიტვირთოს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც ეფექტს მოიტანს. ასეთი პროექტები სწრაფად ვერ ხერხდება, სამწუხაროდ, თუმცა მნიშვნელოვანია. დღეს მაგალითად, თუ შუქნიშნების რეგულირება არ ხდება ავტომატური რეჟიმში და გვაქვს ხოლმე პრეტენზია, რომ ვთქვათ, ზოგადად უფრო გადატვირთულია ქუჩაა და წითელი ანთებული, მაგრამ ზოგან თავისუფალია და მწვანეა, ზუსტად ამის დარეგულირება მოხდება ავტომატურ რეჟიმში. ეს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და მართვის კონტროლის ცენტრის არსებობა ძალიან დიდ პროგრესს მოგვცემს“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

როგორც ლალიაშვილმა ასევე აღნიშნა, როდესაც ანონსდება მუნიციპალიტეტის მიერ გზის მშენებლობა, მცხოვრებლების და ბიზნესების მხრიდან ძალიან დიდი მღელვარებაა, რაც ბუნებრივიც არის, რადგან ოთხთვიანი, თუ ერთწლიანი პროცესი ძალიან მტკივნეულია, თუმცა არსებობს საერთაშორისო გამოცდილებები, როდესაც ამ პროცესის მართვა ხდება საკმაოდ ეფექტურად, მაგრამ, ბუნებრივია, დისკომფორტი რჩება.

„შეიძლება, ისეთ დონეზე არა, როგორც ვთქვათ, მართვის ნაკლებობის შემთხვევაში, მაგრამ დისკომფორტი რჩება. ამიტომ, ასეთი გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, ვიდრე დაიწყება ამ ტიპის პროექტების განხორციელება, რამდენიმე თვით ადრე ხდება კონსულტაციები მცხოვრებლებთან და ბიზნესებთან. ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესში ძალიან უჭირთ ხოლმე ბიზნესებს, მათ შორის, წვდომა, ისევე, როგორც ფეხით მოსიარულეებს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როცა ტარდება საჯარო კონსულტაცია, მოქალაქეების, მცხოვრებლების აზრის გათვალისწინება. ამის პრეცედენტები შეიქმნა თბილისის მუნიციპალიტეტში, მაგრამ ამას სჭირდება სისტემური დანერგვა. მეც ვიყავი ჩართული პროცესში, როდესაც საჯარო კონსულტაციები იყო კონკრეტულ პროექტებზე და ეს არის ძალიან მისასალმებელი. მაგალითისთვის, წყლის მილების გამოცვლისას შეიძლება, აბსოლუტურად სხვა ვითარება დაგხვდეს, ვიდრე დაგეგმილი იყო, ამიტომ, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. წელს შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ქალაქის მერიის გარდა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები საუბრობდნენ მოქალაქეებთან, მათ შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია იყო. ბუნებრივია, ამ სტილში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც რეაბილიტაციების თანმდევია, რაც უნდა გაკეთდეს ქალაქში“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ხდება ხშირად, რომ მძღოლები საცობში ისეთ მონაკვეთზეც დგანან, სადაც არ არის არც ავარია, არც რამე ინციდენტი და არის ე.წ. ფანტომური საცობი, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი პრაქტიკები ხშირია ქალაქში და ამის მიზეზი არის სხვადასხვა.

„თავადაც ვყოფილვარ მონაწილე, როდესაც უზარმაზარი საცობია და აღმოჩნდა, რომ არაფერი. ასევე ცნობიერების ნაწილის საკითხიც არის. შესაძლოა, იყოს უმიზეზოდ დაპარკინგებული, დროებით გაჩერებულია ავტომობილი და ამის გამო მოხდეს საცობი, ან იმის გამო, რომ გამოუცდელი მძღოლია; ასეთი პრაქტიკები ხშირად გვხვდება ქალაქში“, – განაცხადა ლალიაშვილმა.

მსგავსი