ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის საკუთარი ნებით წამოსული, მას აქვს ნათქვამი, რომ დაიწყებდა შიმშილობას, თუ ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის საკუთარი ნებით წამოსული, მას აქვს ნათქვამი, რომ დაიწყებდა შიმშილობას, თუ ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი

ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტი, სხვა შეფასება ამ ფაქტს არ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფებოდა იმგვარ კრიტიკულ სიტუაციაში, რომ მისი არამცთუ აქ გადმოყვანა, არამედ რეანიმაციაში გადაყვანა იქნებოდა ყველაზე ლოგიკური, მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. სხვა შეფასება არ შეიძლება, ამას ჰქონდეს. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყოვნებლივ ჩარევას“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, როგორც ხერხეულიძე ამბობს, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადმოყვანა მისი ნებით არ მოხდებოდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ახალი დიაგნოზი იყო მძიმე და სავარაუდოდ, მოხდა ამ დიაგნოზის ბევრად უფრო იოლი დიაგნოზით გადაკვალიფიცირება, რათა ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოეყვანათ.

„არავინ არ იცის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის საკუთარი ნებით წამოსული. მასზე განხორციელდებოდა ზეწოლა, განხორციელდებოდა ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა. რამდენად ეყოფოდა მას გამკლავებისთვის ძალა, ვერ გეტყვით, რადგან უკიდურესად სუსტად იყო. რაც მთავარია, მას აქვს ნათქვამი, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის დაიწყებდა შიმშილობას. აი ახლა 50 დღის ნაშიმშილარი ადამიანი, რომელზეც ამდენჯერ განხორციელდა ძალადობა, ზეწოლა, წარმოგიდგენიათ დღეს, ახლა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ როგორ არის? მე მაინტერესებს, ცოცხალია თუ არა.

მე ვნახე უმძიმეს ვითარებაში ადამიანი. მე არ მინახავს ნევროლოგიული პაციენტი მანამდე. არ ვიცნობ ამ დიაგნოზს, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი. მით უფრო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტზეა საუბარი, ადამიანზე, რომელიც ორი ვადით იქნა არჩეული, წარმოადგენდა ქართულ სახელმწიფოს მსოფლიოში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ქართულ სახელმწიფოს დაათრევენ აქეთ იქეთ ტომარასავით, როდესაც ლოკაციას უცვლიან მიხეილ სააკაშვილს ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედია, ეს არის ქვეყნის ტრაგედია. მას უთხრეს, რომ ახალი დიაგნოზი იყო მძიმე, რომელიც მას ექიმმა გაუზიარა და უთხრა. როგორც ჩანს, მოხდა იმ დიაგნოზის გადაკვალიფიცირება, რომელიც აქამდე იყო. ბევრად იოლი დიაგნოზი დაწერეს დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ჰქონდათ განსახორციელებელი ეს გეგმა – გადმოყვანის, გატაცების. ამის მოლოდინი მას დღეს არ ჰქონდა, მას ყველაფრის მოლოდინი აქვს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მაგრამ ამ საკითხზე არ გვქონია დღეს ლაპარაკი, რომ ადამიანი, რომელიც ვერ მეტყველებს, ვერ დადის, ვერ გადაადგილდება, ამ ვითარებაში გაიტაცებდნენ. არ დამიშვია ამის ალბათობა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.