ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს
ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს

სასაუბრო თემა ძალიან ბევრია მის დაკავებასთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საუბრის ყველაზე დიდი წილი რა თქმა უნდა დაეთმობა გუშინდელ დღეს და ხვალინდელ დღეს, მეორე ტურებში ჩვენს კამპანიას, ძალიან საინტერესოა ის, როგორ უყურებს ამ ფაქტს. სასაუბრო იქნება, როგორც ადამიანური ასევე პოლიტიკური თემები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, ხერხეულიძე აცხადებს, რომ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული გაატანენ თუ არა სააკაშვილს სხვა ქვეყანას.

„ბევრი რამ შეუძლია მის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, რადგან ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, რადგან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ, ეს არჩევანია, ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ახლა სააკაშვილი ქვეყანას ჯანმრთელი და ღონიერი სჭირდება.

„მე ვერაფერს მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის მოწოდებებსაც სხვები იზიარებენ. მე უბრალოდ, შემიძლია ადამიანური პოზიციიდან ვუთხრა, რომ ნამდვილად არ ღირს ჯანმრთელობის შერყევა რეჟიმთან დასაპირისპირებლად, რადგან ახლა ის ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი, ღონიერი და იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ და სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი გეგმა, საჭიროა მისი მხნედ ყოფნა. სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ვნახავთ, ყველა ერთად“, – განაცხადა ხერხეულიძემ.