ეკა ხერხეულიძე - ძალიან ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის უძლურება სასარგებლო აღმოჩნდა, ფიქრობენ პოლიტიკურ გადანაწილებას სააკაშვილის უძლურების ვითარებაში
ეკა ხერხეულიძე - ძალიან ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის უძლურება სასარგებლო აღმოჩნდა, ფიქრობენ პოლიტიკურ გადანაწილებას სააკაშვილის უძლურების ვითარებაში

ძალიან ბევრისთვის მიხეილ სააკაშვილის უძლურება სასარგებლო აღმოჩნდა, ბევრი ფიქრობს პოლიტიკურ გადანაწილებას სააკაშვილის უძლურების ვითარებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, მთელი უბედურება ის არის, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლის მიერ დაარსებულ პარტიაში ყველაზე ცუდი ფორმებითა და ყველაზე ხმაურიანი განცხადებებით ერთმანეთს მეგობრები და თანამებრძოლები უპირისპირდებიან.

ამასთან, ეკა ხერხეულიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ დავით კეზერაშვილი ჩემი პარტნიორი არ არისო. ვფიქრობ, ეს აღელვების ბრალი იყო და ვერ მოზომა, რა თქვა. კეზერაშვილს უნდა ეწყინოს, რადგან ხაბეიშვილს პარტნიორად მიიჩნევს. მე, მის ნაცვლად, მეწყინებოდა. ვინმესთან როდესაც ვპარტნიორობ, უნდა მეყოს სითამამე, გამბედაობა, მით უფრო, თუ ლიდერობა მსურს, უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ ჩემი პარტნიორები არიან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ასე შემდეგ. ეს იმ ადამიანების ნაკლოვანებაზე კი არა, იმ ადამიანების სისუსტეზე უსვამს ხაზს, ვისაც ამის გამბედაობა არ აქვს. მივედით უკვე იმ ფაზამდე, როდესაც ბატონები თავად ამბობენ, რომ არ ემიჯნებიან ამ პროცესებს, მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი მხრიდან სწორი არჩევანი. ლევანის მხრიდან ამის უარყოფას რაღა აზრი აქვს. ეს უკვე ძალიან უხერხული მდგომარეობაა“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, დღეს რა შედეგიც არ უნდა დადგეს, პროცესი ისე დაზიანდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის რეპუტაცია საჯაროდ ილახება.

„გემოვნებასა და პოლიტიკურ მომავალზე როცა ვსაუბრობთ, აქ რომ ნიკა მელია მჯდარიყო, ლატინინას არ გაიხსენებდა, არ გაიხსენებდა ადამიანს, რომელიც კარიკატურულს უწოდებდა მიხეილ სააკაშვილს სულ ცოტა ხნის წინ. ამიტომ ვამბობ, ჯერ ადრეა ლევან ხაბეიშვილისთვის ეს ყველაფერი. ჯერ ადრეა ამხელა ამბიცია. მინდა, რომ ისეთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რომელიც თანასწორი იქნება პოლიტიკურ პარტიებთან, იქნება ლიდერი და ანგარიშს გაუწევენ სხვა პოლიტიკური პარტიები. მინდა, ჩემი პარტიის ლიდერის დანახვაზე საერთაშორისო ტრიბუნაზე არ ვღელავდე. მინდა, ჩემი ლიდერი, რომელიც მე წარმომადგენს, როდესაც რაღაცასთან დაკავშირებით წინ მიდის, გვჯეროდეს, რომ უკან არ მობრუნდება და არ დამტოვებს ბრძოლის ველზე. ასეთად ვნახე ნიკა მელია კორცხელში, ბორჯომში, თბილისში 20 ივლისს და ასე შემდეგ. საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ ამ ადამიანს თავმჯდომარეობა საერთოდ არ უნდოდა და პოლიტიკაში ძალიან ბევრი ავტორიტეტი გვთხოვდა, რომ ის დაგვეთანხმებინა, გამხდარიყო თავმჯდომარე. არჩევნებით კი არ გამხდარა თავმჯდომარე, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ყოფილიყო. მე ვიყავი დამარწმუნებელი ადამიანი, რომ ნიკა წასულიყო ამ ნაბიჯზე, რათა, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ დატოვა პარტია, პარტია არ ყოფილიყო უფუნქციო და ლიდერის გარეშე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.