ეკა ხერხეულიძე - ადამიანთა დაკავებები თავმოყვარე საზოგადოებაში მუხტის აწევაზე აუცილებლად იმოქმედებს, დანარჩენში ვერ გეტყვით
ეკა ხერხეულიძე - ადამიანთა დაკავებები თავმოყვარე საზოგადოებაში მუხტის აწევაზე აუცილებლად იმოქმედებს, დანარჩენში ვერ გეტყვით

ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურაა, ასე ცხოვრობენ მონობასა და თავისუფლებას შორის ბრძოლაში, სწორედ ასე გვიწევს ჩვენც ცხოვრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე განაცხადა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს და ეს სრულიად მიუღებელია.

„მინდა, ყველას ვთხოვო, ამ კადრების შემყურე, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ადამიანებს, აი მართლა რა გაჩერებთ მაინტერესებს. რა აზრი აქვს რამეს ცხოვრებაში, როდესაც არ არსებობს ელემენტარული უფლება ჩვენი არსებობის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი აზრების ხმამაღლა გაჟღერების შესაძლებლობა არ გვაქვს. განსხვავებულზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ვითხოვთ ერთადერთ რამეს, დგომის უფლება არ გვაქვს დღეს, ხვალ შესაძლებელია, გარეთ გამოსვლის უფლება არ გვქონდეს და აუცილებლად მასშტაბური გახდება ეს ყველაფერი, აქ ცხოვრება იქნება გაუსაძლისი. ეს ნუ გგონიათ გავლითი ამბავია. თუ პროტესტი არ გექნებათ, აუცილებლად ყველაზე უარესი ფორმის დიქტატურა იქნება ამ ქვეყანაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ჩემი თხოვნაა, რომ ჰქონდეთ სოლიდარობა ამ გაუსაძლისი პირობებისა და გაუსაძლისი წინააღმდეგობის მიმართ, რასაც ახლა ეწევა სუს-ი. შეხედეთ პოლიცია რამდენია და მოქალაქე რამდენი. იცით, რომ კიდევ სამ ლოკაციაზეა იგივე პროტესტის კერა და ყველგან იჭერენ ადამიანებს განმარტებების გარეშე, ტროტუარზე დგომის გამო“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი საზოგადოებაზე, ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა: „ეს ყველაფერი თავმოყვარე საზოგადოებაში აუცილებლად იმოქმედებს და დანარჩენში ვერ გეტყვით. თავმოყვარე საზოგადოებაში აუცილებლად“.