ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულის მისვლას, რათა მისი გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს
ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულის მისვლას, რათა მისი გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას მოთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მივიდნენ დაწესებულებაში, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, იმედია, ეს მალე მოხდება და შედგება შეთანხმება იმაზე, რომ მიღებული იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილება და ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.

„ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულზე ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ. იმედია, მალე მოვლენ და ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძე აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია შენობაში მის შესვლას ხელოვნურად აყოვნებდა.

„მოგეხსენებათ, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის მონახულება. მაქვს საშვი, მაქვს პისიარ-ტესტი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ აქ შევიდე. ჩემი მხრიდან არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ დამაყოვნონ. მთავარი მცდელობა ჩემი დღეს შესვლის იყო შემდეგი: იცით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც აქამდე არაერთგზის გავავრცელე. მას შემდეგ, რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის დროს მას მოატყუეს და გაიტაცეს რუსთავიდან, გადმოიყვანეს გლდანში, უკვე არსებობს დიდი უნდობლობა, რის საფუძველზეც მხოლოდ და მხოლოდ ექიმების, ადმინისტრაციის შეთავაზებით, ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას. მისი მოთხოვნა გახლავთ შემდეგი – თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, რომ შესაცვლელი გახდება ლოკაცია, მას უნდა ესწრებოდნენ მისი პირადი ადვოკატები, პირადი ექიმი, ან ჩვენგან წარმომადგენელი. მე ვარ აქ მოსული. დღევანდელი შეთავაზება, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, საერთოდ უმნიშვნელოა, როგორი პოზიცია მაქვს მე ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო ამაში. ეს ადამიანი იბრძვის, უკვე 50-ე დღეა უთანასწორო ბრძოლაში და სააკაშვილის ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ მისი პოზიცია ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.