ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს
ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობა არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ აქვს.

როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა, მისი განზრახვა საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი. ის ძალიან განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას, რომლსაც მე-17 დღეა, შიმშილობის და რთულად აქვს უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას. თავისთავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას ახლა და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი გააგრძელებს ბრძოლას, მაგრამ ის, რაც ყველას დღეს გვაღელვებს, გვაღელვებს ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ასეთი დამოკიდებულება, ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ ეტაპზე იყოს შემაფერხებელი ამ ღონისძიების გასატარებლად არის შემდეგი – მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია. მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს. კიდევ გეუბნებით, რომ მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ, რომ მოხარულია ამ ლოკაციით. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს, ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი ამ წუთებში წყდება იქ და თავისთავად დაველოდოთ ნიკას გამოსვლას და ის საბოლოოდ გეტყვით“, – განაცხადა ხერხეულიძემ.