ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხა
ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავაზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავის განხილვა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდა.

ბადრი ბიწაძემ ისაუბრა, თუ რა დამსახურების გამო მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე. ბიწაძის თქმით, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სასაზღვრო პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ასევე გაიხსენა, რატომ ჩაურიცხეს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს პრემიები. როგორც ბიწაძემ აღნიშნა, ეს დაკავშირებული იყო საზღვრის რთული პერიმეტრების დაცვასთან.

„ლეიტენანტის წოდება არ ვიცი, როდის მიიღო. მგონი, ჩვენთან მიიღო, კაპიტნობაზე წარვადგინეთ, მინისტრთან მე შევედი ამ პატაკით, რადგან ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა რეფორმაში უცხოელ პარტნიორებთან მუშაობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, ცოტა აგვემაღლებინა თანამდებობა და ეს შევიტანეთ მინისტრთან კაპიტნის წოდებაზე. აღმოსავლეთ ევროპაში 15-მა ქვეყანამ აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული რეფორმა ჩატარდა სასაზღვრო სფეროში და მას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკა გიგაური. 7 ნოემბრის სპეცოპერაციაში არც ერთი მოსამსახურე არ მონაწილეობდა. როდესაც დამთავრდა 7 ნოემბერს დარბევა და „იმედის“ ამბავიც მორჩა, შემდგომში ჩვენი სპეცრაზმი საგანგებოს დროს შედის სამხედრო ძალებში. იმ ღამეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ სპეცრაზმის გამოყვანა არ დაგვჭირდა. ეს ბრძანება ღამე გამოიცა. რუსთაველის პროსპექტზე მე ვიყავი ღამე, როცა გამოვიდა ჯარი. რაც შეეხება პრემიებს, მათ ეს პრემიები ჩაერიცხათ იმიტომ, რომ ეს სპეცრაზმელები საკმაოდ მძიმე პირობებში და რთულ რელიეფზე იცავდნენ საქართველოს საზღვარს და ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, წაგვეხალისებინა ეს პირები“, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

დღესვე დაიკითხა სასაზღვრო პოლიციის კადრების განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელმაც ტექნიკურ საკით​ხებზე ისაუბრა, როგორ და რა ფორმით მიიღებოდა გადაწყვეტილება პრემიების გაცემის თაობაზე.

გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის დაკითხვასაც ითხოვდა, თუმცა მერაბიშვილმა პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, გიგაურის სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, რადგან მის ინტერესებს ადვოკატები დაიცავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი, სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.