ეკა გიგაურისა და გოგა ხაინდრავას საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 2 ოქტომბერს გაიმართება
ეკა გიგაურისა და გოგა ხაინდრავას საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 2 ოქტომბერს გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურისა და რეჟისორი გოგა ხაინდრავას სასამართლო დავაზე მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები განიხილა.

საუბარია ეკა გიგაურის საჩივარზე, რომლითაც ის ხაინდრავას ღირსების და პატივის შელახვაში ადანაშაულებს. დავა კი ხაინდრავას იმ განცხადებებს უკავშირდება, სადაც მან თქვა, რომ ეკა გიგაურმა საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობისას, ამ დეპარტამენტის 331 თანამშრომელზე გასცა პრემია, რაც უკავშირდებოდა 7 ნოემბერს ამ სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ანტისამთავრობო აქციის დაშლისთვის.

მოპასუხე მხარემ ხაინდრავას ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა ექვსი შუამდგომლობა.

ადვოკატის განცხადებით, ერთ შუამდგომლობა ეხება გიგაურისთვის სპეციალური წოდების კაპიტნის სტატუსის მინიჭებას, რომლითაც მისივე თქმით, მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, დოკუმენტაცია ეხება პრემიების გაცემის შესახებ 2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებას, რასაც გიგაურის ხელმოწერა აქვს.

მოსარჩელე მხარე ეკა გიგაურის ადვოკატი აცხადებს, პრემიების გაცემა ეკა გიგაურის კომპეტენციაში არ ყოფილა.

„მისი ხელმოწერით არც ერთი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ეს დასტურდება პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალებითაც”, – განაცხადა ადვოკატმა.

გიგაურის ადვოკატის შეფასებით, ეს შუამდგომლობები არანაირ ფაქტებს არ ადასტურებს და საქმესთან არანაირი შემხებლობა არა აქვს იმას, რომ გიგაური კაპიტნის პოზიციაზე იყო წარდგენილი.

„დოკუმენტის ავთენტურობა, რომელიც პრემიების გაცემას ეხება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას არც შესაბამისი ბეჭედი და არც კანცელარიის ელექტრონული ნომერი არ აქვს”, – განაცხადა ადვოკატმა.

საბოლოო ჯამში მოსამართლემ, ერთის გარდა, ხაინდრავას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაურთო საქმეს და ამ დავაზე მთავარი სხდომა 2 ოქტომბერს გაიმართება.