ეკა გიგაური - თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა
ეკა გიგაური - თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა

თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი.

„მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია სავარაუდო „კარუსელის“ ფაქტი. კერძოდ, მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში იგი მარნეულის საარჩევნო ოლქის სხვა – #10 უბანშია რეგისტრირებული. ჩვენი დამკვირვებლის თქმით, იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა. ჩვენ ვაპირებთ, მივმართოთ ცესკო-ს და მოვითხოვოთ ამ უბანზე საერთოდ კენჭისყრის შეწყვეტა, ვინაიდან, არის პრობლემური უბანი.

გარდა ამისა, დუშეთის #1 უბანზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი იკვეთება. მთლიანობაში გამოვლინდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტები, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა“, – განახცადა გიგაურმა.

დატოვე კომენტარი