ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება
ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, დავით კეზერაშვილის საქმე მედიაზე ზეწოლას უკავშირდება, რადგან კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელია.

„ჩვენ თავის დროზეც, როცა უზენაესმა სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში ვფიქრობდით, რომ ეს ხდება, რადგან ის არის ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის სწორედ მედიაზე ზეწოლა, სხვა შემთხვევაში, დავით კეზერაშვილი პირველ და მეორე ინსტანციაში ვერ მოიგებდა ამ საქმეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ იქ კითხვები არ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, დღეს კონკრეტული ნაბიჯები იდგმება უკვე „ფორმულას“ და მისი დამფინანსებლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო.

ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.