ეკა გიგაური – მართლმსაჯულების რეფორმა არ იყო ეფექტიანი, რეფორმებს სათავეში უნდა ჩაუდგეს ადამიანი, რომელსაც ექნება ზუსტი ხედვა

17:27, 12.06.2018

ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოხდეს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიება, მაგრამ მეორე მხრივ, გავაკეთოთ ანალიზი, თუ რატომ მივედით ამ პრობლემებამდე, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ პრობლემები მართლმსაჯულების არაეფექტიანმა რეფორმამ გამოიწვია.

„ჩვენ ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა არ იყო ეფექტიანი. ზუსტად ამიტომ, ზოგიერთი საზოგადოების წარმომადგენელი საუბრობს კითხვებზე კონკრეტულ გამოძიებებთან დაკავშირებით და ისინი საუბრობენ უსამართლობაზე. ზუსტად, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს რეფორმები გატარდეს“, – განაცხადა გიგაურმა.

მისივე შეფასებით, რეფორმებს სათავეში უნდა ჩაუდგეს ადამიანი, რომელსაც ექნება ზუსტი ხედვა და იქნება მიმართული რეფორმების ეფექტიანობაზე.

„თეა წულუკიანი არ ყოფილა ასეთი ადამიანი. მისი თაოსნობით, ექვსი წლის განმავლობაში, რეფორმები არ ყოფილა ეფექტიანი და შესაბამისად, ამიტომ ვითხოვდით მის გადადგომას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დიპლომატებთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ქვეყანა, რაზე არის საუბარი და რას განიხილავს საზოგადოება.

„საზოგადოებაში მიდის საუბარი, როგორც კონკრეტული საქმის გამოძიებაზე, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ზუსტად ეს არის ის მთავარი თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ამ შეხვედრის დროს. ასევე, ვისაუბრებთ ზაზა სარალიძის საქმეზე, კითხვებზე, რომელიც არსებობს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით და დღეს არსებული პრობლემების მიზეზებზე“, – განაცხადა ეკა გიგაურმა დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე.

 

მსგავსი