ეკა გიგაური – „ბიბისისთან“ ინტერვიუში ვამბობ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რამდენიმე თვეში, შეიძლება, დაიხუროს, მთავრობის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა

15:00, 03.12.2025

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მივიდა.

სასამართლოში შესვლამდე გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა საკითხებზე საუბრობს ის „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ჩემს ინტერვიუს რაც შეეხება, ვამბობ, რომ, ფაქტობრივად, ჩვენ გვყავს პრორუსული მთავრობა, მათ აქვთ ყველა ბერკეტი, გააჩერონ საქართველოს ევროინტეგრაცია; მეორეა ის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რამდენიმე თვეში, შეიძლება, დაიხუროს. მთავრობის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა. ვსაუბრობ, რომ მათ სურთ, საქართველო გახდეს რუსეთის მოკავშირე, ადგილზე არავის დატოვება უნდათ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს და იტყვის „არა“-ს. ასევე ჟურნალისტი მეკითხება, ვისი ბრალია ეს? – ცხადია, საქართველოს მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის. ბოლო საკითხი, რაზეც ვსაუბრობ, არის, რომ, შეიძლება, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დიდი რამ არის მთელი მსოფლიოსთვის, რადგან წინააღმდეგობას ვუწევთ რუსეთის გავლენებსა და რუსეთს. ეს არის საკითხები, რომლებზეც ვსაუბრობ აბსოლუტურად ყველა მედიაში, საერთაშორისო მედიასა და ადგილობრივ მედიაში. „ქართულმა ოცნებამ“ მათთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია „ბიბისის“ გამოძიებიდან თუ გაიგო, ეს მათი პრობლემაა. ინტერვიუ არ შეეხებოდა იმ თემას, რასაც იძიებენ. ალბათ ჩემი გამოკითხვის მიზანია დაშინება. ისიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საერთაშორისო მედიას აძლევს კომენტარს, შეიძლება იყოს გზავნილი, რომ შეგვეშინდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.

ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.

მსგავსი