ეკა გამცემლიძე - საკმარისი არ არის, ბავშვს მშობელი უყვარდეს, მას მშობელი უნდა მოსწონდეს, რათა უნებლიედ ბაძავდეს
ეკა გამცემლიძე - საკმარისი არ არის, ბავშვს მშობელი უყვარდეს, მას მშობელი უნდა მოსწონდეს, რათა უნებლიედ ბაძავდეს

თუ ბავშვს მშობელი მოსწონს, ის მისთვის უპირველესი ავტორიტეტია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერმა, ეკა გამცემლიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საკმარისი არ არის, ბავშვს მშობელი უყვარდეს, რაც თავისთავად მოცემულობაა, მას მშობელი უნდა მოსწონდეს, რათა უნებლიედ ბაძავდეს​. თუ ბავშვს მშობელი მოსწონს, ის მისთვის უპირველესი ავტორიტეტია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა, ოჯახის გარეთ არსებული არასასურველი გავლენებისგან მეტ–ნაკლებად დაცული იყოს“, – განაცხადა გამცემლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვის აღზრდაში სკოლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახია.

„მომეჩვენა, რომ ბოლო დღეებში მომხდარი საშინელი ფაქტების მიმართ, მთლიანობაში, საზოგადოებას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა. პრეტენზია არსებობდა ყველას მიმართ, გარდა საკუთარი თავისა. ამ ბავშვებს ხომ ჩვენ ვზრდით?! ისინი სკოლამდე სტერილურები ხომ არ მიდიან და იქიდანაც ხომ ჩვენთან ბრუნდებიან?! რა თქმა უნდა, სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე მთლად ყველაფრის სხვაზე გადაბარება არ შეიძლება. უნდა გავარკვიოთ, სკოლას პირველ რიგში აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს, ცოდნის გადაცემის თუ – ორივე ერთად. მე მაინც მგონია, რომ აღზრდაში მთავარი მაინც ოჯახია, რადგან ბავშვი სამყაროს შემეცნებას კოპირებით იწყებს, უყურებს და იმეორებს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდება ოჯახში“, – განაცხადა ეკა გამცემლიძემ.