ეკა დგებუაძე - „ტელესკოლა“, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
ეკა დგებუაძე - „ტელესკოლა“, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება

„ტელესკოლა“, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, –  ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დგებუაძის განმარტებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ჩავარდნის საფუძველი არ არსებობს და სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სემესტრი შედგეს.

ამასთან, დგებუაძის თქმით, სამინისტრო ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობს.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დისტანციური სწავლების განვითარებას. ამაში ვგულისხმობთ „ტელესკოლას“, ონლაინ სწავლებას და სხვადასხვა მეთოდოლოგიას. ეს ყოველივე გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სემესტრი შედგეს. სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაციას. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე. როგორც ცნობილია, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცედურა 30 აპრილამდე გახანგძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ იგეგმება, სამინისტროს მხრიდან ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე,“  – განაცხადა დგებუაძემ.

პირველი არხი | განათლების ეთერში 30 მარტს საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო.

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ტელეგაკვეთილები იხილონ.

განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს.