ეკა დგებუაძე - დღევანდელი ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე
ეკა დგებუაძე - დღევანდელი ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის განცხადებით, დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყოს.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით უწყება მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს.

სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით, მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით და ვართ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდვითარებაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.