ეკა ჭყონია - ომბუდსმენის ანგარიშში არ არის დასახელებული ძალადობის კონკრეტული შემთხვევები, საუბარია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, რაშიც ვეთანხმები
ეკა ჭყონია - ომბუდსმენის ანგარიშში არ არის დასახელებული ძალადობის კონკრეტული შემთხვევები, საუბარია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული, რაშიც ვეთანხმები

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ეკა ჭყონია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია არა ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე, არამედ იმაზე, რომ ცენტრში არ არის დაკმაყოფილებული შესაბამისი სტანდარტი და პირობები.

„ეს მონიტორინგი არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომლითაც ფასდება დახურული ტიპის დაწესებულებები, მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულება. ამ ინსტრუმენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის, შეაფასოს, პაციენტები დაცულები არიან თუ არა ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. მაგრამ აქ ის კი არ იგულისხმება, რომ იყო ძალადობის კონკრეტული შემთხვევები, საუბარია იმაზე, რომ ის პირობები, რაც დღევანდელი დღით გათვალისწინებულია, ესე იგი დაწესებულებების სტანდარტი, რა თქმა უნდა, არ არის დაკმაყოფილებული. ასეთ დაწესებულებებში არის მაღალი რისკი, სადაც სტანდარტები არის სავალდებულო, საერთაშორისო კრიტერიუმებით გათვლილი. არის მაღალი რისკი, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ძალადობას. თუმცა აქ არ არის მოყვანილი ძალადობის არც ერთი კონკრეტული ფაქტი. იმისთვის, რომ მე გარანტირებულად დაცული ვიყო, რომ დახურული ტიპის დაწესებულებაში არ ვიქნები ძალადობის მსხვერპლი, უნდა იყოს შესაბამისი პირობები. უნდა იყოს მასტიმულირებელი გარემო, მაღალი კვალიფიკაციის კადრების საკმარისი რაოდენობის შტატი, რომელიც ჩემზე ინდივიდუალურ ზრუნვას განახორციელებს და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეთანხმება სახალხო დამცველს, ბევრი ისეთი პირობა, რომელიც სრულად დაიცავს ადამიანს ძალადობისაგან, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაკმაყოფილებული არ არის.

„ჩვენ ანგარიშზე რეაგირება გავაკეთეთ, ვუპასუხეთ სახალხო დამცველს, ჩამოვაყალიბეთ პუნქტებად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რაც უკვე დავიწყეთ და კეთდება და რაც უკვე ჩვენს ძალებს აღემატება, ადგილობრივ დონეზე ამას ვერ მოვაგვარებთ და საჭირო არის სისტემური ჩარევა. სისტემურ ჩარევას რაც ეხება, ორი კვირის წინ მივიღეთ დასტური, რომ უკვე ტენდერი ცხადდება, რათ ინფრასტრუქტურულად გაიმართოს დაწესებულება“, – აღნიშნა ეკა ჭყონიამ.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, ფაქტობრივად უკვე შემუშავებულია ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარების 2021-2022 წლების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა.

„რამდენად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემები, თქმა ძნელია, მაგრამ კარგია, რომ ამაზე ვსაუბრობთ და პრობლემის გადაჭრის ძიებაზე საკმაოდ დიდი ძალისხმევაა მიმართული. რაც შეეხება პაციენტების ფიზიკურ ჯანმრთელობას, პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პროგრამით არ არის გათვალისწინებული პაციენტების სონატური პრობლემების მოგვარება, თუ ეს არ არის გადაუდებელი შემთხვევა. ჩვენთან არიან პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ ოჯახის მხარდაჭერა, მთლიანად ჩვენს პასუხისმგებლობაზე არიან და ჩვენ თვითონ ფსიქიატრიის პროგრამაში არ გვაქვს ეს სახსრები, რათა მათ სონატურ პრობლემებს მოვუაროთ, თუ ეს არ არის გადაუდებელი შემთხვევა. ფიზიკური შებოჭვა, სამწუხაროდ, არის ის მდგომარეობა, რომელსაც უნდა მივმართოთ ხოლმე. კარგი იქნება, თუ იქნება შემუშავებული კონკრეტული გაიდლაინი და ეს თხოვნაც გვაქვს, ამ საკითხში იგივე ომბუდსმენის ჩარევით, კვალიფიციური პირების ჩარევით მოხდეს ერთიანი გაიდლაინისა და პროტოკოლის ძალიან დეტალური გაწერა, რადგან ჩვენ გვაქვს ზოგადი მონაცემები, თუ როგორ უნდა სრულდებოდეს, ვთქვათ, რა ხანგრძლივობით და რა პირობებში, მაგრამ უფრო კონკრეტული რეგულაციებია საჭირო, როდის და როგორ უნდა მიმართოს. კვალიფიკაციის პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ არის დეესკალაციის პრობლემაც, რომ პაციენტის აღგზნებამდე მოხდეს ჩარევა. აუცილებელია, პერსონალს ჩაუტარდეს ტრენირება ​არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიმართულებით, არამედ უფლებრივ საკითხებშიც“, – განაცხადა ეკა ჭყონიამ.

რაც შეეხება სანიტარულ ნორმებს, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის თქმით, ომბუდსმენის ანგარიშში გამოთქმული შენიშვნები პანდემიურ სიტუაციას ეხებოდა.

„აქ აღნიშნული არის, რომ პანდემიის პირობებში არ იყო დაცული ყველა ის პირობა. ეს იყო სექტემბერი და იყო პრობლემები, შეფერხებები. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით იყო პრობლემები და შეფერხებები ტესტირებასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ეს არის აღნიშნული. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ დაწესებულებაშიც გადავიარეთ მეორე ტალღა და საბედნიეროდ, გავართვით თავი. დღევანდელ დღეს ყველაფერი გვაქვს“, – დასძინა ეკა ჭყონიამ.

სახალხო დამცველმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ეპიდემიოლოგიური და პაციენტთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.