ეკა ჭყონია - ფსიქიატრიული პაციენტები ე.წ. საცხოვრებლებში უნდა იმყოფებოდნენ, მაგრამ კლინიკაში იმიტომ რჩებიან, რომ წასასვლელი არ აქვთ
ეკა ჭყონია - ფსიქიატრიული პაციენტები ე.წ. საცხოვრებლებში უნდა იმყოფებოდნენ, მაგრამ კლინიკაში იმიტომ რჩებიან, რომ წასასვლელი არ აქვთ

ფსიქიატრიის სფეროში ყველა ეტაპზე სხვადასხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ დღეს პირველი და ყველაზე მთავარი პრობლემა სტაციონალური მომსახურების მხრივ გვაქვს,- ამის შესახებ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ეკა ჭყონიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე თითქმის ყოველ დღე შედის შეტყობინება, რომ სტაციონარში ადგილები არ არის და არ იციან, მწვავე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები სად მოათავსონ. თუმცა როგორც ჭყონია ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საწოლების საკმარისი რაოდენობა არ არის.

„საქართველოში 1 400 საწოლია, რომელიც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ მათი 40% იმ პაციენტების მიერ არის დაკავებული, რომლებსაც სტაციონარული მომსახურება არ სჭირდებათ. ისინი ე.წ. საცხოვრებლებში უნდა იმყოფებოდნენ, მაგრამ კლინიკაში იმიტომ რჩებიან, რომ წასასვლელი არ აქვთ. ამიტომ ამ საკითხის მოგვარება ნომერ პირველი ამოცანაა, რათა სტაციონარების განტვირთვა მოხდეს“, – განაცხადა ჭყონიამ. 

მისი თქმით, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის შემდეგ, ძალიან კარგი ინიციატივა იყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყება, რადგან ამის შემდეგ პაციენტები კარგად გადანაწილდნენ, დიდი დაწესებულება დაიხურა და იქედან შემოსული თანხით სამი ახალი განყოფილება გაიხსნა.

დეინსტიტუციონალიზაცია იმას გულისხმობს, რომ ადამიანები დახურულ, გარიყულ დაწესებულებებში ძალიან ნაკლები დროის განმავლობაში უნდა რჩებოდნენ და საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტად უნდა იყვნენ ჩართული. ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან არატოლერანტულია და იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, საჭიროა სკოლის პერიოდიდან მოქალაქეთა ფსიქოგანათლება და აქტიური კამპანიების წარმოება“, – განაცხადა ეკა ჭყონიამ.

დატოვე კომენტარი