ეკა ბესელიას პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს 
ეკა ბესელიას პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს 

დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს.

ეკა ბესელია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ნდობის ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის წარდგენილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  მან მმართველი გუნდი დატოვა, უმრავლესობა საკუთარ კვოტას გაიწვევს.

როგორც პირველ არხს თადვაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ნდობის ჯგუფის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა და საკმარისი დროა, რომ უმრავლესობამ საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

„ნდობის ჯგუფში ეკა ბესელია უმრავლესობის მიერ არის წარდგენილი, რომელიც მმართველი გუნდის წევრი აღარ არის და ბუნებრივია, ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კვოტით ვეღარ იქნება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამ დროისთვის, ნდობის ჯგუფი ოთხი დეპუტატით არის დაკომპლექტებული, რომელთა შორის არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი აბესაძე. რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენენ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება  ორ მილიონ ლარს აღემატება, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – ოთხ მილიონ ლარზე მეტია.