ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა
ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, ის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და რუსლან პოღოსიანის კანდიდატურას ასახელებს.

ბესელიას განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა, რადგან დღის წესრიგში მსგავსი საკითხი სამი დღით ადრე უნდა შეეტანათ.

„ეს არის რეგლამენტის დარღვევა იმ მუხლით, რა მუხლითაც გადავდეთ წინა კომიტეტი, ეს სამი დღით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. დღის წესრიგში პირდაპირ იყო გათვალისწინებული პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის არჩევა. ორი კანდიდატის ჩამატება ვფიქრობ, წარმოადგენს იმ მუხლის დარღვევას, რა მუხლითაც ჩვენ გადავდეთ წინა კომიტეტის სხდომა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

​ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლით მოქმედებს, რომელშიც წერია, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს ორზე მეტი კანდიდატი.