ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

11:51, 15.04.2019

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია.

„დღეს პროტესტის ნიშნად დავტოვე ეს სხდომა. სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებს და ნებას. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე, როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მან პროტესტი ამ ფორმით გამოხატა, რომ  სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გავაგრძელებ, როცა ეს საკითხი გამოვა. სამწუხაროა, რომ იურიდიული კომიტეტი პროცედურებს ასე დემონსტრაციულად არღვევს. ასე დემონსტრაციულად არღვევს იმ პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნებოდა მიღებული. საკითხს მეორე მოსმენით არ განიხილავდნენ. ეს ნიშნავს, რომ ხდება ყველაფრის ფასად გატანა კობახიძის იმ პროექტის, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილი არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეფასებით, რეალურად საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ იმ ჯგუფის მიერაა დაწერილი, ვინც მოსამართლეთა კანდიდატების 10 კაციანი სია შეადგინა და ლობირებდა.

„სამწუხაროა, რომ არ ესმის უმრავლესობას, საზოგადოების ის ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც ახლა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელის გამო ხდება. სასამართლო თემა ეს პრივატული სივრცე არ არის. ეს მმართველი გუნდის პირადი არეალი არ არის. მათი ინტერესების ღია ლობირება ამ ფორმით როცა ხდება, ვფიქრობ, ეს ააშკარავებს იმას, რომ საკუთარი მოსახლეობის განწყობა არ გესმის“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი