ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა
ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული კონფერენცია – „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“ იმართება.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. ის ასევე თავმჯდომარეობდა კონფერენციის ერთ-ერთ სესიას, თემაზე: კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განხილული იყო საქართველოს მაგალითი, როგორც წარმატებული მოდელი საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. ეკა ბესელიამ კონფერენციაზე წარადგინა ბოლო პერიოდის სტატისტიკა, სადაც ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესი და დადებითი დინამიკა ჩანს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტმა 2016 წელს რეგლამენტში ცვლილებები მიიღო, რომელიც მისი ავტორობით და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერით მომზადდა.

„ამ ცვლილებებით ჩვენ საკანონმდებლო დონეზე დავნერგეთ საპარლამენტო კონტროლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და სწორედ ამის შემდეგ საქართველოს მაგალითს  წარმატებული მოდელი ეწოდა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კონფერენციის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის საკითხზე იმსჯელებენ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეესტრის საქმიანობას მიმოიხილავენ.

ეროვნული პარლამენტების წევრები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ადამიანის უფლებათა საკითხებთან დაკავშირებით.

ერთდღიან კონფერენციას შემაჯამებელი სიტყვით ეკა ბესელია დახურავს.

კონფერენციაში დელეგატები ათზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ.